NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში “დენვერმა” საკუთარ მოედანზე უმასპინძლა “ლეიკერსს” და მეტოქე 122:109 დაამარცხა.
მაიკ მელოუნის გაწვრთნილი გუნდი ბრწყინვალედ ასპარეზობს საკუთარ BALL ARENA-ზე – “ნაგეთსმა” უკანასკნელი 11 საშინაო მატჩი მოიგო.
2018 წლის შემდეგ ეს “დენვერისთვის” საუკეთესო მოგებათა სერიაა, ხუთი წლის წინ “ნაგეთსმა” ზედიზედ 12 მატჩის მოგება შეძლო.
“ლეიეკრსთან” მოგებული შეხვედრის გმირი ჯამალ მარი გახდა. მასპინძელთა გამთამაშებელმა 36 წუთში 34 ქულის, 7 მოხსნის, 4 პასის და 2 ჩაჭრის მოგროვება შეძლო. 25 წლის პლეიმეიკერმა 29-ჯერ ესროლა ბურთი მეტოქის კალათისკენ და 13 ჩააგდო (პერიმეტრიდან 9-დან 5).
“დენვერის” მოგებაში ასევე დიდი წვლილი შეიტანა ნიკოლა იოკიჩმა. სერბმა ცენტრმა სამმაგი დუბლი შეასრულა – 14 ქულა, 11 მოხსნა, 16 პასი.
NBA-ს მოქმედ MVP-ს მიმდინარე სეზონში უკვე მეთერთმეტე სამმაგი დუბლი დაუგროვდა, რითაც ლიდერობს ლიგას.
ყველაზე მეტი სამმაგი დუბლი NBA-ს მიმდინარე სეზონში:
1. ნიკოლა იოკიჩი (დენვერი) – 11
2. ლუკა დონჩიჩი (დალასი) – 9
3. ჯა მორანტი (მემფისი) – 3
4. დომანტას საბონისი (საკრამენტო) – 3
5. რასელ ვესტბრუკი (ლეიკერსი) – 3