ნიუ იორკში დასრულდა US OPEN -ის საკვალიფიკაციო ეტაპი და გაირკვა ამერიკის ღია პირველობაზე მონაწილე ყველა ჩოგბურთელი.
2021 წლის საჩოგბურთო სეზონის უკანასკნელ დიდ სლემზე მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პირველი ჩოგანი – ნიკოლოზ ბასილაშვილი (N 39 მსოფლიო რეიტინგში).
ნიკას კენჭისყრისას ნამდვილად არ გაუმართლა – პირველივე რაუნდში ამერიკელ სებასტიან კორდას ხვდება, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 45-ე საფეხურს იკავებს.
სებასტიანი კარიერის საუკეთესო სეზონს ატარებს – წლეულს კორდამ 35 გამართული შეხვედრიდან 23 მოიგო, მის ანგარიშზე 1 ტიტულია – პარმას 250-იანთა კატეგორიის ტურნირის ფინალში იტალიელი მარკო ჩეკინატო დაამარცხა 6:2 6:4.
კორდა ყველაზე კომფორტულად თავს ჰარდის საფარზე გრძნობს და გამოირჩევა შემტევი ჩოგბურთით. სებასტიანი ნიკას ATP TOUR-ზე პირველად შეხვდება.
თუ ბასილაშვილი წარმატებით გადალახავს ამერიკულ ბარიერს, მეორე რაუნდში მისი მეტოქე კარენო ბუსტა/კრისის შორის გამარჯვებული იქნება, მესამე წრის სავარაუდო მეტოქედ კი ამერიკელი გიგანტი – რეილი ოპელკა მოჩანს.
US OPEN-ზე პირველ ნომრად – ნოვაკ ჯოკოვიჩია განთესილი, რომელიც ტურნირს დანიელ ჰოლგერ რუნესთან მატჩით გახსნის.სერბ ჩოგბურთელს ისტორიული შანსი აქვს – თუ იგი შეძლებს ამერიკის ღია პირველობის მოგებას, საჩოგბურთო ღია ერაში გახდება პირველი მამაკაცი ჩოგბურთელი, რომელიც კალენდარულ გრენდ სლემს შეასრულებს (ერთეულთა თანრიგი).
ბადის უკიდურეს დაბალ ზონაში განითესა მეორე ნომერი – დანილ მედვედევი, რომლის პირველი მოწინააღმდეგე ფრანგი რიშარ გასკე იქნება.
პირველი რაუნდის ტოპ მატჩი იქნება სტეფანოს ციციპასის(N 3) დაპირისპირება მსოფლიო ყოფილ პირველ ჩოგან ენდი მარეისთან.
დიდ ინტერესს იწვევს ოლიმპიური ჩემპიონის – ალექსანდრ ზვერევის მატჩი კორტების მასპინძელ სემ კუერისთან.