კალიფორნიაში დასრულდა ინდიან-უელსის მასტერსი. 1000-იანთა კატეგორიის ტურნირის ფინალში კამერონ ნორიმ 3:6 6:4 6:1 დაამარცხა ნიკოლოზ ბასილაშვილი და გახდა პირველი ბრიტანელი ჩოგბურთელი, რომელმაც ამერიკულ „უდაბნოში“ ტიტული მოიგო.
შეხვედრის სტარტზე ნიკას ნერვიულობა ეტყობოდა – ქართველი საკმაოდ ბევრ შეცდომას უშვებდა, რის გამოც მალევე დაბრეიკდა და 1:3 ჩამორჩა მეტოქეს.
ბასილაშვილი დროულად გამოფხიზლდა – გაცილებით უფრო აგრესიულად ათამაშდა და აიძულა მეტოქე მისთვის არაკომფორტულ „ზონაში“ შესულიყო.
2:3-ზე, ნორიმ ორმაგი შეცდომა დაუშვა და მეტოქეს უკუბრეიკის შესრულების საშუალება მისცა, რამაც აბსოლიტურად შეცვალა პირველი სეტის მიმდინარეობა.
ნიკამ თავისი აგრესიული დარტყმების ფონზე გააგრძელა მეტოქის „დაბომბვა“, რისი წყალობითაც 1:3-დან ზედიზედ 5 გეიმი მოიგო და მასთან ერთად სეტიც – 6:3.
მეორე პარტიის სტარტზე ნიკა ბრეიკიანი უპირატესობით გავიდა წინ 2:1 და იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ქართველი იოლად მიიყვანდა მატჩს საბოლოო გამარჯვებამდე, თუმცა ბრიტანელი ჩოგბურთელი არ „გატყდა“ – მომდევნო გეიმში კამერონმა უკუბრეიკი შეასრულა და შეხვედრაში ინტრიგა დიდი დოზით დააბრუნა.
ეტაპობრივად ნორიმ გაზარდა წნეხი ქართველ ჩოგბურთელზე, რამაც შედეგი სეტის ბოლოს გამოიღო – 4:4 -ზე „ბრიტმა“ ზედიზედ ორი გეიმი მოიგო მშრალი ანგარიშით და სეტებს შორის წონასწორობაც აღადგინა 1:1 (3:6 6:4).
მესამე, გადამწყვეტ სეტში ბრძოლა ფაქტიურად აღარ ყოფილა – ბასილაშვილი ცდილობდა მეტოქისთვის წინააღმდეგობა გაეწია, თუმცა ყველა გადამწყვეტი ქულა კამერონმა მოიგო.
ნორიმ კიდევ ორჯერ აიღო ქართველის ჩაწოდება და მესამე პარტიაში 6:1 იმარჯვა.
მატჩი 1 საათსა და 51 წუთს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში ბასილაშვილის ანგარიშზე 2 ეისი, არცერთი ორმაგი შეცდომა და 3 ბრეიკი იყო. თავისმხრივ ნორიმ 1 ეისის წილ 2 ორმაგი დაუშვა და 8 ბრეიკპოინტიდან 5-ის რეალიზება შეძლო.
საქართველოს პირველმა ჩოგანმა შეხვედრა 24 ვინერსისთ და 49 უნებლიე შეცდომით(32 ფორჰენდიდან, 17 ბექჰენდიდან) დაასრულა, მის მეტოქეს კი 10 ვინერსი და 25 შეცდომა ქონდა.
ინდიან-უელსის მასტერსზე ნიკამ 600 ქულა და 640 000 ამერიკული დოლარი გამოიმუშავა, რეიტინგში 9 პოზიცია მოიგო და ამჟამად მსოფლიოს 27-ე ჩოგანია.
კამერონ ნორიმ ამერიკული მასტერსის მოგებით 1000 ქულა და 1 209 700 დოლარი მოიპოვა. ბრიტანელმა მსოფლიო რეიტინგში ერთბაშად 11 საფეხურით აინაცვლა და კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა – N15.