ნიკოლოზ ბასილაშვილის ისტორიული გამარჯვება სტეფანოს ციციპასთან

ნიკოლოზ ბასილაშვილი აგრძელებს წარმატებულ ასპარეზობას ინდიან-უელსის მასტერსზე. ქართველმა ჩოგბურთელმა 1/4 ფინალურ ეტაპზე 6:4 2:6 6:4 სძლია მსოფლიო რეიტინგის მესამე ჩოგან სტეფანოს ციციპასს და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

შეხვედრის სტარტი ნიკას იდეალური გამოუვიდა – პირველივე გეიმში შეძლო მეტოქის ჩაწოდების აღება და მალევე 2:0 დაწინაურდა.
მე-5 გეიმში ბასილაშვილმა მეორედ აიღო ბერძენი ჩოგბურთელის ჩაწოდება და 4:1 გავიდა წინ. სტეფანოსი გამოფხილზდა, ერთი უკუბრეიკის შესრულება შეძლო, თუმცა სეტი მაინც ვერ გადაარჩინა 4:6.

მეორე პარტიაში მაყურებელმა „სხვა“ ციციპასი იხილა – ტოპ ჩოგბურთელი, რომელიც ძალიან დამაჯერებლად იგებდა გეიმებს საკუთარ ჩაწოდებაზე, მეტოქის გეიმებში კი სტაბილურად მიდიოდა ბრეიკპოინტამდე. ბერძენმა მე-4 და მე-8 გეიმებში აიღო ნიკას ჩაწოდება და 35 წუთში სეტებში ანგარიში გაათანაბრა 1:1 (4:6 6:2).

null

მესამე, გადამწყვეტი პარტიის სტარტზე ჩოგბურთელებმა ბრეიკები გაცვალეს და 4 გეიმის შემდეგ ანგარიში 2:2 იყო.
მე-7, გარდამტეხ გეიმში საქართველოს პირველმა ჩოგანმა კიდევ ერთხელ აართვა სტეფანოს ჩაწოდება და შემდეგ მშვიდად მიიყვანა მატჩი ლოგიკურ გამარჯვებამდე 6:4 2:6 6:4.

შეხვედრა 2 საათსა და 11 წუთს გაგრძელდა, ამ დროის განმავლობაში ნიკას ანგარიშზე 5 ეისი, 1 ორმაგი შეცდომა და 4 ბრეიკი იყო. თავისმხრივ ციციპასმა 10 ეისის წილ 2 ორმაგი დაუშვა და 10 ბრეიკპოინტიდან მხოლოდ 4-ის რეალიზება შეძლო.
მატჩის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე ნიკამ მოგებული მატჩი შეაფასა:“სულაც არ ყოფილა მოულოდნელი ჩემთვის ეს გამარჯვება. წინა წლებთან შედარებით ინდიან-უელსის ტურნირზე შედარებით ნელი საფარია დაგებული, რაც უპირატესობას მანიჭებდა.
მიუხედავად იმისა, რომ მეორე სეტი წავაგე, თავს კარგად ვგრძნობდი, გამომდიოდა პირველი ჩაწოდება.
ვთვლი, რომ ეს თამაში ჩემს კარიერაში საუკეთესო არ იყო. საუკეთესო დოჰას 1/4 ფინალში როჯერ ფედერერის დამარცხდება იყო, რადგან იგი ჩემი ბავშვობის კერპია.“

ბასილაშვილი კარიერაში მეთოთხმეტედ გავიდა ATP-ის ტურნირების ნახევარფინალში. მისი მომდევნო მეტოქე ამერიკელი ტეილორ ფრიცი იქნება, რომელმაც თავისმხრივ 3 სეტში დაამარცხა გერმანელი ალექსანდრ ზვერევი 4:6 6:3 7:6.

მასტერსის ნახევარფინალში გასვლით ნიკამ 335 000 დოლარი და 360 ქულა გამოიმუშავა. ქართველმა ჩოგბურთელმა ლაივ რეიტინგში ერთბაშად 7 პოზიცია მოიგო და ამჟამად მსოფლიოს 29-ე ჩოგანია.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *