საფრანგეთის ქალაქ მეცში სტარტი აიღო ATP-ის 250-იანთა კატეგორიის ტურნირმა, რომელზეც წარმატებით ასპარეზობს ნიკოლოზ ბასილაშვილი.
საქართველოს პირველმა ჩოგანმა პირველ რაუნდში 6:3 7:6 სძლია ჯანლუკა მაგერს და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა.
შეხვედრის სტარტი ნიკას იდეალური გამოუვიდა – ადრეული ბრეიკი შეასრულა და 3:0 დაწინაურდა. იტალიელმა გაიბრძოლა და მეხუთე გეიმში ბრეიკპოინტამდეც მივიდა, თუმცა ქართველმა ჩოგბურთელმა ეს საფრთხე მოიგერია და შემდეგ მშვიდად მიიყვანა სეტი ლოგიკურ გამარჯვებამდე 6:3.
მეორე პარტია თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. მეორე გეიმში მაგერს ქონდა ბრეიკპოინტი, მეშვიდეში უკვე ბასილაშვილს, თუმცა ჩოგბურთელებმა ვერ შეძლეს ამ შანსების გამოყენება და ლოგიკურად სეტის ბედი ტაიბრეიკზე გადაწყდა, სადაც ოდნავ უკეთესი ნიკა იყო – 5:5-ზე „ბასილამ“ ზედიზედ 2 ქულა მოიგო და მასთან ერთად მატჩიც.
შეხვედრა 90 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში ნიკას ანგარიშზე 11 ეისი და 2 ორმაგი შეცდომა იყო, იტალიელმა კი 8 ეისის წილ ორი ორმაგი შეცდომა დაუშვა.
ბასილაშვილი ძალიან დამაჯერებლად გამოიყურებოდა საკუთარ პირველ ჩაწოდებაზე – 37 გათამაშებული ქულიდან 32 მოიგო.
საქართველოს პირველმა ჩოგანმა 4 ბრეიკპოინტი გამოიმუშავა, საიდანაც ერთის რეალიზება შეძლო, მეტოქე ორჯერ მივიდა ბრეიკპოინტამდე, თუმცა ნიკამ ორივე შემთხვევაში მოახერხა ამ საფრთხის განეიტრალება.
ბასილაშვილმა მეცის ტურნირის 1/8 ფინალში გასვლით 20 სარეიტინგო ქულა და 9000 ევრო გამოიმუშავა. ნიკას მომდევნო მეტოქე ესპანელ ალეხანდრო დავიდოვიჩ ფოკინას და ფრანგ ჟილ სიმონს შორის გამარჯვებული იქნება.