ა.შ.შ-ში გრძელდება ინდიან-უელსის მასტერსი, რომელზეც წარმატებით ასპარეზობს ნიკოლოზ ბასილაშვილი. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ტურნირის მესამე წრეში 4:6 7:6 6:2 დაამარცხა ალბერტ რამოს ვინოლასი და 1/8 ფინალის საგზური მოიპოვა.
შეხვედრის სტარტი თანაბარი გამოვიდა და ორივე ჩოგბურთელი იოლად იღებდა გეიმებს საკუთარ ჩაწოდებაზე 2:2. მე-5 გეიმიდან კი უკვე ესპანელმა გამოკვეთა საკუთარი უპირატესობა და ზედიზედ 3 გეიმის მოგებით დიდ უპირატესობას მიაღწია (2 ბრეიკი).
ნიკა გვიან „გამოფხიზლდა“ და ერთი უკუბრეიკი შეასრულა, თუმცა სეტი ვეღარ გადაარჩინა 4:6.
მეორე პარტია გაცილებით უფრო რთული და დრამატული გამოდგა. მე-6 გეიმში შესრულებული ბრეიკის ფონზე ბასილაშვილი 4:2 დაწინაურდა, თუმცა ქართველ ჩოგბურთელს ისევ ჩავარდნა დაეწყო და ზედიზეწდ 4 გეიმის წაგებით ტურნირიდან გამოვარდნის სერიოზული საფრთხის წინაშეც დადგა.
6:5-ზე ალბერტი მატჩზე აწვდიდა, თუმცა ნიკოლოზმა უმნიშვნელოვანესი უკუბრეიკი შეასრულა და მეორე სეტი ტაიბრეიკზე გადაიყვანა.
საქართველოს პირველმა ჩოგანმა „საჩოგბურთო ლატარეა“ 7:2 მოიგო და სეტებს შორის ანგარიშიც გაათანაბრა 1:1 (4:6 7:6).
მესამე, გადამწყვეტ პარტიაში ბასილაშვილმა მეტოქე ფსიქოლოგიურად გატეხა – საწყის 5 გეიმში რამოს-ვინოლასის ჩაწოდება ორჯერ აიღ და მალევე შეხვედრა საბოლოო გამარჯვებამდე მიიყვანა 4:6 7:6 6:2.
მატჩი 2 საათსა და 25 წუთს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში ნიკას ანგარიშზე 8 ეისი, ამდენივე ორმაგი შეცდომა და 5 ბრეიკი იყო. თავისმხრივ ესპანელმა ჩოგბურთელმა 6 ეისის წილ მხოლოდ 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა და 10 ბრეიკპოინტიდან ოთხის რეალიზება შეძლო.
ტურნირის 1/4 ფინალში ბასილაშვილის მეტოქე კარენ ხაჩანოვი იქნება. რუსმა ჩოგბურთელმა მესამე წრეში ესპანელი პაბლო კარენო ბუსტა გაანადგურა 6:0 6:4.
ქართველი ჩოგბურთელი რუს მეტოქეს კარიერაში მეექვსედ შეხვდება, ურთიერშეხვედრებში ნიკა ლიდერობს 3:2.