ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან-უელსის მასტერსის 1/4 ფინალშია

ა.შ.შ-ში გრძელდება ინდიან- უელსის მასტერსი, რომელზეც წარმატებით ასპარეზობს ნიკოლოზ ბასილაშვილი. 1/8 ფინალურ ეტაპზე ქართველმა ჩოგბურთელმა 6:4 7:6 სძლია რუს კარენ ხაჩანოვს და კარიერაში პირველად გავიდა 1000-იანი ტურნირის მეოთხედფინალში.

ნიკას შეხვედრის სტარტი იდეალური გამოუვიდა – პირველივე გეიმში დააბრეიკა მეტოქე და მალევე 2:0 დაწინაურდა. ხაჩანოვი დროულად გამოფხიზლდა, სწრაფად შეასრულა უკუბრეიკი და წონასწორობაც უპრობლემოდ აღადგინა 2:2.

სეტის მეორე ნახევარში ბასილაშვილი ბრწყინვალედ ათამაშდა – მე-6 და მე-7 გეიმები მშრალი ანგარიშით მოიგო და ისევ დაიბრუნა ბრეიკიანი უპირატესობა 4:3.

ქართველმა ჩოგბურთელმა უპრობლემოდ შეინარჩუნა მოპოვებული ჰანდიკაპი სეტის ბოლომდე და პირველი პარტია 6:4 მოიგო.

null

მეორე სეტი თანაბარი ბრძოლით გაიხსნა. ორივე ჩოგბურთელი იოლად იგებდა გეიმებს საკუთარ ჩაწოდებაზე, თუმცა მე-5 გეიმში ისევ ნიკამ მოახერხა მეტოქის დაბრეიკება და 3:2 დაწინაურდა.

5:4-ზე ქართველი ჩოგბურთელი მატჩზე აწვდიდა, თუმცა კარენმა მაქსიმალური მობილიზების და ცოტა გამართლების ფონზე, მესამე ბრეიკპოინტის რეალიზება შეძლო და ანგარიში გაათანაბრა 5:5.

მეორე სეტის ბედი ტაიბრეიკზე გადაწყდა – „ბასილამ“ სოლიდური უპირატესობა მოიპოვა და 6:2 დაწინაურდა, თუმცა ხაჩანაოვი ესე მარტივად არაფრის დათმობას არ აპირებდა – ზედიზედ 4 მატჩპოინტი მოიგერია და წონასწორობა აღადგინა.

ჩოგბურთელებმა კორტზე მხარეები კიდევ ერთხელ გაცვალეს, ნიკამ ძალიან მოინდომა, მომდევნო 2 ქულა მოიგო და მასთან ერთად მატჩიც 6:4 7:6 (8:6).

null

შეხვედრა 1 საათსა და 57 წუთს გაგრძელდა. ორივე ჩოგბურთელს 4-4 ეისი და 2-2 ორმაგი შეცდომა ქონდა. ნიკამ 6 ბრეიკპოინტიდან სამის რეალიზება შეძლო, კარენმა ორის.

ამ ჩოგბურთელთა ურთიერთშეხვედრებში ანგარიში 4:2 გახდა ქართველის სასარგებლოდ.

null

ინდიან-უელსის 1/4 ფინალში ნიკას მეტოქე მსოფლიო რეიტინგის მესამე ჩოგანი – სტეფანოს ციციპასი იქნება. ბერძენმა ჩოგბურთელმა 1/8 ფინალში 6:7 7:6 6:2 სძლია ავსტრალიელ ალექს დე მინორს.

ბასილაშვილი ციციპასს კარიერაში მესამედ შეხვდება. წინა ორი დაპირისპირება ბერძენმა მოიგო.

გაცნობებთ, რომ საქართველოს პირველმა ჩოგანმა ინდიან-უელსის მასტერსის 1/4 ფინალში გასვლით 175 000 $ და 180 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.
მიღწეული წარმატების ფონზე, ბასილაშვილმა Live რეიტინგში ერთბაშად 6 პოზიცია მოიგო და ამჟამად 30-ე პოზიციაზე იმყოფება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *