ნიკოლოზ ბასილაშვილი აგრძელებს ისტორიულ, წარმატებულ სვლას ინდიან-უელსის მასტერსზე. საქართველოს პირველმა ჩოგანმა 1000-იანთა კატეგორიის ტურნირის ფინალში 7:6 6:3 დაამარცხა ამერიკელი ტეილორ ფრიცი და ფინალის საგზური მოიპოვა.
შეხვედრის სტარტი თანაბარი გამოვიდა – ორივე ჩოგბურთელი იოლად იღებდა გეიმებს საკთარ ჩაწოდებაზე. სეტის მეორე ნახევრიდან უკვე ამერიკელი გააქტიურდა და ჯერ მე-10 გეიმში მიიღო ორი სეტპოინტი მეტოქის ჩაწოდებაზე, ხოლო მე-12 გეიმში დამატებით კიდევ ერთი.
ნიკამ გაუძლო ამ წნეხს და წვალებით გადაიყვანა პარტია ტაიბრეიკზე, სადაც ბასილაშვილი ოდნავ უკეთესად გამოიყურებოდა და პირველი სეტიც მისი გამარჯვებით დასრულდა 7:6 (7:5).
მეორე სეტის სტარტზე ტეილორი ისევ გააქტიურდა და 1:1-ზე, ორმაგი ბრეიკპოინტი გამოიმუშავა. ქართველმა ჩოგბურთელმა ეს საფრთხეც მოიგერია და მეტოქე ფსიქოლოგიურად გატეხა – ამერიკელს მატჩში უკვე 5 ბრეიკპოინტი ქონდა გაცუდებული.
შეხვედრაში გადამწყვეტი მეორე სეტის მე-6 გეიმი გამოდგა, როდესაც ნიკოლოზმა პირველივე ბრეიკპოინტის რეალიზება შეძლო და ბრეიკიანი უპირატესობით დაწინაურდა 4:2.
მე-9 გეიმში, 5:3-ზე ბასილაშვილი მატჩზე აწვდიდა, როდესაც ნამდვილი საჩოგბურთო დრამა გათამაშდა. ჯერ ნიკას ქონდა ზედიზედ 3 მატჩპოინტი, რომელიც ფრიცმა მოიგერია, ამას უკვე ამერიკელის ორი ბრეიკპოინტი მოყვა, თუმცა ნიკამ ხასიათის სიმტკიცე კიდევ ერთხელ გამოავლინა – ჯერ გეიმის დაკარგვის საფრთხე მოიგერია, ხოლო შემდეგ, მეოთხე მატჩბოლით საბოლოო გამარჯვება მოიპოვა 7:6 6:3.
მატჩი 1 საათსა და 43 წუთს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში ნიკოლოზის ანგარიშზე 3 ეისი, 1 ორმაგი შეცდომა და 1 ბრეიკი იყო. თავისმხრივ ფრიცმა 11 ეისის წილ 3 ორმაგი დაუშვა და 7 ბრეიკპოინტიდან ვერცერთის რეალიზება ვერ შეძლო.
ქართველმა ჩოგბურთელმა მატჩი 26 ვინერსით დაასრულა, საიდანა 14 ფორჰენდით იქნა შესრულებული.
„ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს მასტერსის ფინალში გასვლა, განსაკუთრებით ინდიან-უელსზე, რომელსაც ხალხი მეხუთე გრანდ სლემსაც ეძახის. ზედიზედ ამდენი მატჩის მოგება საკმაოდ რთულია, თუმცა მოხარული ვარ რომ ეს შევძელი. კარგ სპორტულ ფორმაში ვარ და თავს მშვენივრად ვგრძნობ“ – განაცხადა ნიკამ მატჩის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე.
ბასილაშვილი კარიერაში პირველად გავიდა მასტერსის ფინალში, რითაც მან 600 საირეტინგო ქულა და 640 000 დოლარი გამოიმუშავა. მსოფლიოს ლაივ რეიტინგში კი 27-ე პოზიციამდე აღზევდა.
ინდიან-უელსის ტურნირის ფინალში ნიკოლოზის მეტოქე ბრიტანელი კამერონ ნორი იქნება(N 26 მსოფლიო რეიტინგში), რომელმაც თავისმხრივ ნახევარფინალში 6:2 6:4 მოუგო ბულგარელ გრეგ დიმიტროვს.
ნიკა კამერონს კარიერაში მეორედ შეხვდება, პირველი დაპირისპირება ბრიტანელმა მოიგო.