ცინცინატის მასტერსზე, პირველ წრეში განცდილი მარცხის შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილს გადაწყვეტილი ქონდა, რომ უინსტონს-სალემის 250-იანთა კატეგორიის ტურნირზე ეასპარეზა, რაც სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მშვენიერი შესაძლებლობა გახლდათ მოახლოვებული US OPEN-ის წინ.
ქართველი ჩოგბურთელი მე-7 ნომრად განითესა ტურნირზე, რამაც საშუალება მისცა პირდაპირ მეორე წრიდან ჩართულიყო გათამაშებაში.
ნიკას ბადეშიც გაუმართლა – პირველ მეტოქედ არგენტინელი ფედერიკო კორია ერგო (N65), რომელიც ჰარდზე წარმატებული თამაშით დიდად არ გამოირჩევა, ხოლო 1/8 ფინალის სავარაუდო მოწინააღმდეგედ ფედერიკო დელ ბონისს და მარკოს ჟირონს შორის გამარჯვებული უნდა ყოფილიყო.
სამწუხაროდ, ავადმყოფობის გამო ბასილაშვილი ტურნირს მოეხსნა და ძირითად ბადეში იღბლიანი წაგებულის სტატუსით ფრანგი პიერ ჰუგო ერბერი იასპარეზებს.