US OPEN-ის მესამე წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილმა დასანანი მარცხი იწვნია რეილი ოპელკასთან და ასპარეზობას გამოეთიშა.
შეხვედრის სტარტი ქართველ ჩოგბურთელს იდეალური გამოუვიდა – მესამე გეიმში შეძლო მეტოქის ჩაწოდების აღება და 2:1 დაწინაურდა.
სამწუხაროდ ამერიკელი დროულად გამოფხიზლდა და მომდევნო გეიმში უკუბრეიკი შეასრულა 2:2.ამ ფაქტის შემდეგ ორივე ჩოგბურთელი იოლად იგებდა გეიმებს საკუთარ ჩაწოდებაზე და სეტის ბედიც ტაიბრეიკზე გადაწყდა – „ბასილამ“ საჩოგბურთო ლატარეაში თავიდანვე მოიპოვა მინიბრეიკიანი ჰანდიკაპი -4:2, თუმცა ნიკამ ეს კარგი პლაცდარმი ვერ შეინარჩუნა და 5:7 დამარცხდა.
მეორე პარტიის სტარტზე ქართველი ისევ ბრეიკით დაწინაურდა 2:0 და თითქოს სეტებს შორის ანგარიშიც უნდა გათანაბრებულიყო, თუმცა ნიკას პირველი ჩაწოდება სრულიად მოიშალა, ამერიკელიც იდეალურად ათამაშდა მიღებაზე, რომელმაც სამჯერ დააბრეიკა ბასილაშვილი და ორსეტიანი უპირატესობით დაწინაურდა 7:6 6:3.
მესამე პარტიაში აბსოლიტურად თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა, თუმცა მეათე გეიმში 211 სმ სიმაღლის ჩოგბურთელმა პირველივე შანსი იდეალურად გამოიყენა – ბრეიკპოინტი ბრეიკად აქცია, რაც სრულებით საკმარისი იყო 1/8 ფინალის საგზურის მოსაპოვებლად. საბოლოოდ 6:7 3:6 4:6 – ბასილაშვილის დასანანი მარცხი.
მატჩი 2 საათსა და 18 წუთს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში ქართველი ჩოგბურთელის ანგარიშზე 7 ეისი, 6 ორმაგი შეცდომა და 2 ბრეიკი იყო. თავისმხრივ ამერიკელმა 21 ეისი ჩააწოდა, 2 ორმაგი დაუშვა და ხუთჯერ აიღო მეტოქის ჩაწოდება.
ამერიკელმა გიგანტმა ნიკას ხარისხობრივადაც აჯობა – ოპელკას ანგარიშზე 52 ვინერსი და 41 უნებლიე შეცდომა იყო, ნიკამ 22 ვინერსი შეასრულა და 27-ჯერ უხეშად შეცდა.
რეილი US OPEN-ის 1/8 ფინალში სამხრეთ აფრიკელ ლოიდ ჰარის შეხვდება, რომელმაც თავისმხრივ 6:4 6:4 6:4 დაამარცხა დენის შაპოვალოვი.
2021 წლის ამერიკის ღია პირველობაზე ბასილაშვილმა 180 000 დოლარი და 130 ქულა გამოიმუშავა.მსოფლიოს ლაივ რეიტინგში ნიკა ამჟამად 34-ე ადგილს იკავებს 1578 ქულით.