ტოკიოში სტარტი აიღო ოლიმპიურმა თამაშებმა, რომელზეც წარმატებით ასპარეზობს ნიკოლოზ ბასილაშვილი.
ქართველმა ჩოგბურთელმა ტურნირის პირველ წრეში 6:3 6:2 მოუგო რობერტო კარბალეს ბაენას (N 90) და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა.
შეხვედრის სტარტი ნიკას ბრწყინვალე გამოუვიდა – საწყისი 6 გეიმიდან 5 მოიგო და სოლიდური სხვაობით დაწინაურდა 5:1. ესპანელი გვიან გამოფხიზლდა, ერთი უკუბრეიკის შესრულება შეძლო და 3:5-მდე შეამცირა ჩამორჩენა, თუმცა ბასილაშვილმა სეტი მაინც თავის სასარგებლოდ დაასრულა 6:3.
მეორე პარტიის სტარტზე საქართველოს პირველმა ჩოგანმა პირველსავე გეიმში იოლად აიღო მეტოქის ჩაწოდება და მალევე 2 გეიმიანი უპირატესობა მოიპოვა 2:0. ნიკოლოზი იოლად ინარჩუნებდა მოპოვებულ ჰანდიკაპს, მე-7 გეიმში „ბასილამ“ მორიგი ბრეიკი შეასრულა (5:2), მომდევნო გეიმში კი მატჩი საკუთარი გამარჯვებით დახურა 6:3 6:2.
შეხვედრა 1 საათსა და 13 წუთს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში ნიკას ანგარიშზე 4 ეისი და 2 ორმაგი შეცდომა იყო, ესპანელმა თავისმხრივ 2 ესისი წილ 4 ორმაგი დაუშვა. ბასილაშვილმა 2 სეტში, ჯამში 14 ბრეიკპოინტი გამოიმუშავა, საიდან 4-ის რეალიზება შეძლო, რობერტოს 1 ბრეიკპოინტი ქონდა და ეს შანსი ბრეიკად აქცია.
ნიკამ მატჩის მიმდინარეობისას 24 ვინერსი შეასრულა და 16 უნებლიე შეცდომა დაუშვა, კარბალეს ბაენას 5 ვინერსი და 17 უხეში შეცდომა ქონდა.
ტურნირის 1/16 ფინალში ქართველი ჩოგბურთელი იაპონელ ტარო დანიელს და იტალიელ ლორენცო სონეგოს შორის გამარჯვებულს შეხვდება.