ნიკოლოზ ბასილაშვილმა 4 მატჩპოინტი მოიგერია და საოცარი გამარჯვება მოიპოვა

საფრანგეთის ქალაქ მეცში გრძელდება ATP TOUR-ის 250-იანთა კატეგორიის ტურნირი, რომელზეც წარმატებით ასპარეზობს ნიკოლოზ ბასილაშვილი. ქართველმა ჩოგბურთელმა მეორე ეტაპზე 0:6 6:4 7:6 დაამარცხა ესპანელი ალეხანდრო დავიდოდვიჩ ფოკინა და 1/4 ფინალის საგზური მოიპოვა.

ბასილაშვილისთვის შეხვედრის სტარტი კატასტროფული გამოვიდა – ძალიან დიდი სისწრაფით აგებდა გეიმებს და სულ რაღაც 33 წუთში სეტი მშრალზე წააგო 0:6.

მეორე პარტიის პირველსავე გეიმში ნიკამ ნავსი გატეხა და შეძლო მეტოქის დაბრეიკება 1:0. ამ ფაქტორმა ქართველს თავდაჯერება დაუბრუნა და საუცხოოდ ათამაშდა. ბასილაშვილმა სეტის ბოლომდე მეტოქე ბრეიკპოინტამდეც არ მიუშვა და პარტიებს შორის ანგარიშიც გაათანაბრა 1:1 (0:6, 6:4).

null

მესამე, გადამწყვეტი სეტი ესპანელმა ჩოგბურთელმა წარმატებით დაიწყო – ჯერ საკუთარი გეიმი მოიგო, შემდეგ კი პირველივე მცდელობით დააბრეიკა მეტოქე. მალე ალეხანდრო 4:1 დაწინაურდა და იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ 1/4 ფინალის საგზურს სწორედ იგი მოიპოვებდა.

სწორედ აქ გამოჩნდა ნიკოლოზის მებრძოლი სული, რომელმაც თითქმის შეუძლებელი შეძლო და მე-7 გეიმში შესრულებული უკუბრეიკით ჯერ შეხვედრაში ინტრიგა დააბრუნა, ხოლო მერვე გეიმში წონასწორობა აღადგინა 4:4.

ფოკინამ მომდევნო გეიმი უპრობლემოდ მოიგო და ბასილაშვილს უკვე მატჩში დასარჩენად მოუწია ჩაწოდება. ესპანელმა ქართველს მორიგი ფიზიკური და მენტალური გამოცდა მოუწყო.

4:5-ზე ალეხანდრო 4-ჯერ მივიდა მატჩპოინტამდე, თუმცა ყველა შემთხვევაში ნიკამ შესაშური ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა და მაინც გამოგლიჯა ხელიდან მეტოქეს ეს მნიშვნელოვანი გეიმი 5:5.

მესამე სეტის ბედი საბოლოოდ ტაიბრეიკზე გადაწყდა, სადაც ოდნავ უკეთესად ქართველი ჩოგბურთელი გამოიყურებოდა, რომელმაც „საჩოგბურთო ლატარეაში“ 7:4 იმარჯვა და 1/4 ფინალის საგზურიც მოიპოვა.

მატჩი 2 საათს და 53 წუთს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში ნიკას ანაგარიშზე 7 ეისი, 3 ორმაგი შეცდომა და 2 ბრეიკი იყო. თავისმხრივ ფოკინამ 14 ბრეიკპოინტი მოიპოვა ქართველის ჩაწოდებაზე, თუმცა მხოლოდ 4-ის რეალიზება შეძლო. ალეხანდროს ანგარიშზე ასევე გახლდათ 7 ეისი და 4 ორმაგი.

მეცის ტურნირის 1/4 ფინალურ ეტაპზე ბასილაშვილის მეტოქე ფრანგი გაელ მონფილსი იქნება, რომელმაც 1/8 ფინალში 7:6 6:4 სძლია გერმანელ ფილიპ კოლშრაიბერს.

null

ნიკოლოზ ბასილაშვილისა და გაელ მონფილსის ურთიერთდაპირისპირებათა ისტორიაში ანგარიში 1:0-ია, 2018 წელს მადრიდის მასტერსზე გამართული მატჩი ფრანგმა მოიგო 6:2 3:6 6:3.

მეცის ტურნირის 1/4 ფინალში გასვლით საქართველოს პირველმა ჩოგანმა 45 სარეიტინგო ქულა და 14 000 ევრო გამოიმუშავა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *