ეტყობა, ნიუკასლის შეფები ძალიან გაბრაზდნენ ამდენი წაგებით და თან, როგორი წაგებით. ნიუკასლი ინგლისის თასის 1/32 ფინალში მესამე ლიგის კემბრიჯთან გავარდა – 0:1. კემბრიჯში ჩაიჭრა… ნიუკასლი პრემიერლიგაშიც საშიშ ზონაშია, არადა კლუბი ოქტომბერში იყიდა საუდის არაბეთის სახელმწიფო ინვესტიციების კონსორციუმმა. მათ კლუბის აქციების 80 % ჩაიბარეს. ასევე საინვესტიციო ჯგუფში არიან PCP Capital Partners და RB Sports & Media.
დიდი ფული, წარმოუდგენლად დიდი ფული. და ამ დროს საოცრება იქნება, რომ ნიუკასლი პრემიერლიგიდან გავარდეს.
კემბრიჯთან წაგების მერე კლუბის ხელმძღვანელები, იასერ ალ-რუმიაინი და ქალბატონი ამანდა სტეივლი ფეხბურთელებთან შევიდნენ გასახდელში. რა ისაუბრეს, ამის შესახებ ვინ იტყვის, მაგრამ ნიუკასლის მწვრთნელმა ედი ჰაუმ ასეთი კომენტარი გააკეთა:
„ისინი ფეხბურთელების სანახავად მივიდნენ. მე იქ არ ვიყავი. სამწვრთნელო შტაბს მოედნის გარეთ შეგვხვდნენ და ვისაუბრეთ. ვფიქრობ, ფეხბურთელებიც გაამხნევეს და ერთად დგომაზე ესაუბრნენ. ფეხბურთელებისთვის საჭირო იქნებოდა ამის მოსმენა“.
და ტრანსფერები? ნიუკასლმა ზამთრის შესვენებაზე ჯერ ერთი ფეხბურთელი შეიძინა: კირან ტრიპიერი ნიუკასლიდან.
ხშირად იწერება იუვენტუსიდან აარონ რემზის დამატებაზე, დღეს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ლივერპულელი დივოკ ორიგი დაიმატონ. სხვადასხვა პოზიციების გაძლიერებაზეა საუბარი და სევილიიდან მცველის, დიეგო კარლოსის შეძენა სურთ.