„ნიუ იორკმა“ „ბოსტონი“ ორმაგ ოვერტაიმში დაამარცხა 138:134

ჯადოსნური საკალათბურთო მატჩი შედგა Madison Square Garden-ში, სადაც ადგილობრივმა „ნიუ იორკმა“ „ბოსტონს“ უმასპინძლა. უაღრესად დაძაბული შეხვედრის ბედი მეორე ოვერტაიმის ბოლოს გადაწყდა, როდესაც „ნიქსმა“ საბოლოოდ გატეხა მეტოქე და 138:134 იმარჯვა.

ოთხი მეოთხედის განმავლობაში პარკეტზე თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა. 10-ჯერ შეიცვალა ლიდერი, ხოლო 11-ჯერ თანაბარი ანგარიში დაფიქსირდა. უკანასკნელი პერიოდის დასრულებამდე 4.8 წამით ადრე „ნიუ იორკი“ 116:113 იგებდა. „ბოსტონის“ ახალწვეულმა დენის შროდერმა ბურთი ჯეისონ ტეიტუმზე შემოიტანა, რომელსაც ფეხი დაუცდა და წონასწორობა დაკარგა, თუმცა საპასუხო პასის გაკეთება მაინც შეძლო. გერმანელმა გამთამაშებელმა პერიმეტრზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი სმარტი შენიშნა, დროული პასი გაუკეთა და მარკუსმაც სირენასთან ერთად ანგარიშის გამთანაბრებელი სამქულიანი ჩააგდო 116:116.

null

პირველი ოვერტიამის სტარტზე ბრწყინვალედ გამოიყურებოდა „ნიქსის“ სნაიპერი ევან ფურნიე, რომელმაც 3 შორეული ტყორცნა „გამოიყენა“, თუმცა სტუმრები დროულად „პასუხობდნენ“ – კარიერის საუკეთესო მატჩს ატარებდა ჯეილინ ბრაუნი, რომელმაც 46 ქულა, 9 მოხსნა და 6 პასი დააგროვა.

დამატებითი ხუთწუთეულის ბოლოს, 128:128-ზე უკვე „სელტიქსს“ მიეცა შეხვედრის მოგების შანსი, თუმცა ტეიტუმმა მარცხენა კუთხიდან ვერ ჩააგდო.

მეორე ოვერტაიმში უკვე „ნიუ იორკი“ დომინირებდა. აგუგუნდა დარბაზი, რომელმაც უდიდესი დახმარება გაუწია თავის კალათბურთელებს და „ნიქსმაც“ მაქსიმალურად მოინდომა – ჯადოსნურ გარემოში ისევ ბრწყინვალედ თამაშობს დერიკ როუზი, რომელიც მოედანზე დირიჟორის ფუნქციასაც მშვენივრად ითავსებდა და ქულებსაც აგროვებდა. მისმა და ჯულიუს რენდლის ტანდემმა საბოლოოდ გატეხა „ბოსტონი“ და „ნიუ იორკმა“ ნბა-ს ახალი სეზონი გამარჯვებით გახსნა 138:134.

მიუხედავად წაგებული მატჩისა, შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ჯეილინ ბრაუნი იყო, რომელმაც აღებული ქულებით კარიერის პირადი რეკორდი დაამყარა (46). „ნიქსის“ რიგებში გამოირჩა ჯულიუს რენდლი – 35 ქულა, 8 მოხსნა, 9 პასი. მნიშვნელოვან და გადამწყვეტ მომენტებში ძალიან დამაჯერებელი იყი ფრანგი გამთამაშებელი ევან ფურნიე, რომელმაც ოვერტაიმებში 4 სამქულიანი ჩააგდო, ჯამში კი მატჩი 32 ქულით „დახურა“.

წარუმატებელი სტარტი გამოუვიდა „ბოსტონის“ ახალ მთავარ მწვრთნელ ემე უდოკას, რომელმაც სადებიუტო შეხვედრა წააგო, თუმცა ეს მარცხი დიდწილად გუნდის ლიდერის- ჯეისონ ტეიტუმის „კისერზეა“, რომელმაც 30-ჯერ ესროლა ბურთი მეტოქის კალათს, საიდანაც მხოლოდ 7 ჩააგდო. მსუბუქი ფორვარდი საშინელი სიზუსტით ესროდა პერიმეტრიდანაც 15 სამქულიანიდან მხოლოდ 2 მოათავსა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *