ნოვაკ ჯოკოვიჩის ახალი რეკორდი სერბეთის ნაკრებში

ევროპის სამ ქალაქში სტარტი აიღო დევისის თასის ფინალურმა ტურნირმა. მეორე სათამაშო დღეს საქმეში სერბეთის ნაკრები ჩაერთო, რომელსაც შემადგენლობაში მსოფლიო რეიტინგის პირველი ჩოგანი – ნოვაკ ჯოკოვიჩი ყავს.

F ჯგუფში საკმაოდ ძლიერმა ნაკრებებმა მოიყარეს თავი – ავსტრიამ, სერბეთმა და გერმანიამ. მატჩები ავსტრიის ქალაქ ინსბრუკში იმართება, რამაც მასპინძლებს მცირე უპირატესობა მისცა.

სათამაშო კალენდარის მიხედვით, გერმანიას პირველ ტურში დასვენება ერგო, ხოლო სერბეთი ავსტრიას დაუპირისპირდა.
პირველები კორტზე დუშან ლაიოვიჩი და ჯერალდ მელცერი გამოვიდნენ. საწყისი სეტის ბედი ტაიბრეიკზე გადაწყდა, სეტპოინტზე მასპინძელი ჩოგბურთელი ბადესთან „გავარდა“, იმ იმედით რომ გათამაშებას მოიგებდა, თუმცა სერბმა მშვენივრად „შემოატარა“ ბურთი და „საჩოგბურთო ლატარეაც“ მოიგო 7:6.

მეორე სეტის შუაში მელცერმა შეძლო ბრეიკის შესრულება და პარტიებს შორის ანგარიში გაათანაბრა 1:1 (6:7 6:3), მესამე გადამწყვეტ სეტში კი 6:5-ზე დუშანმა მეტოქის ჩაწოდება აიღო და რთული მატჩიც გამარჯვებამდე მიიყვანა 7:6 3:6 7:5.

null

მეორე შეხვედრაში ერთმანეთს ნოვაკ ჯოკოვიჩი და დენის ნოვაკი დაუპირისპირდნენ. ორ ნოვაკს შორის უკეთესი სერბი გამოდგა, რომელმაც 59 წუთში 6:3 6:2 სძლია ავსტრიელ მეტოქეს და საკუთარ ქვეყანას მეორე ქულა მოუტანა.

ჯოკოვიჩმა დევისის თასზე, ერთელთა თანრიგში 35-ე მატჩი მოიგო და ამით სერბეთის რეკორდი დაამყარა, გადაასწრო რა იანკო ტიპსარევიჩს, რომელმაც კარიერა 34 გამარჯვებით დაასრულა. ნოვაკს 35 მატჩის მოსაგებად 42 შეხვედრა დასჭირდა, იანკომ კი 49 მატჩში შეძლო 34 შეხვედრის მოგება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *