დუბაიში გრძელდება ATP-ის 500-იანთა კატეგორიის ტურნირი. მსოფლიო რეიტინგის 123-ე ჩოგანმა ირჟი ვესელიმ მეოთხედფინალურ სტადიაზე სენსაციურად 6:4 7:6 სძლია ნოვაკ ჯოკოვიჩს და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.
ჩეხმა ჩოგბურთელმა პირველივე გეიმში შეძლო მეტოქის ჩაწოდების აღება, თუმცა სერბი დროულად გამოფხიზლდა და მალევე წონასწორობა აღადგინა 2:2. მე-7 გეიმში ირჯიმ მეორე მცდელობით კიდევ ერთხელ შეძლო ბრეიკის შესრულება და შემდეგ მშვიდად მიიყვანა სეტი ლოგიკურ გამარჯვებამდე 6:4.
მეორე სეტის პირველმა ნახევარმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა – ორივე ჩოგბურთელი იოლად იღებდა გეიმებს საკუთარ ჩაწოდებაზე. 3:3-დან ვესელი გააქტიურდა, ბრეიკი შეასრულა და მალე 5:3 დაწინაურდა. მსოფლიო რეიტინგის პირველმა ჩოგანმა გაიბრძოლა, დროულად შეასრულა უკუბრეიკი და ანგარიში ამჯერადაც გაათანაბრა 5:5.
მეორე სეტის ბედი ტაიბრეიკზე გადაწყდა, სადაც ოდნავ უკეთესად ჩეხი ჩოგბურთელი მოქმედებდა, რომელმაც საჩოგბურთო “ლატარეა” 7-4 მოიგო და დიდი სენსაციაც გამოაცხო.
ამ ჩოგბურთელთა ურთიერთშეხვედრათა ისტორიაში ანგარიში 2-0 გახდა ირჟის სასარგებლოდ. ვესელიმ ჯოკოვიჩს პირველი მატჩი 2014 წლის მონტე კარლოს მასტერსზე მოუგო.
ნაწვნევი მწარე მარცხის ფონზე, ნოვაკი ორშაბათიდან მსოფლიო რეიტინგის ლიდერობასაც დაკარგავს, რადგან მას რუსი დანილ მედვედევი გადაასწრებს.
ტურნირის ნახევარფინალურ სტადიაზე ვესელი შაპოვალოვს შეხვდება.