მსოფლიო რეიტინგის ლიდერმა – ნოვაკ ჯოკოვიჩმა გადაწყვიტა, რომ არ იასპარეზოს ინდიან-უელსის მასტერსზე, რომელიც სტარტს 4 ოქტომბერს აიღებს. სერბი ჩოგბურთელი აგრძელებს ფსიქოლოგიურ „აღდგენას“ US OPEN-ის ფინალში დანილ მედვედევთან განცდილი მარცხის შემდეგ.
ინდიან-უელსის მასტერსი ATP-ს მიმდინარე სეზონში რიგით მეშვიდეა, ჯოკოვიჩმა კი უკვე 5 1000-იანთა კატეგორიის ტურნირი გამოტოვა, იასპარეზა რა მხოლოდ მონტე-კარლოს და რომის მასტერსებზე.
ინდიან-უელსის მასტერსზე თამაშზე ასევე უარი თქვეს მსოფლიოს ყოფილმა მესამე ჩოგნებმა – სტენ ვავრინკამ და მილოშ რაონიჩმა.
დიდი სლემის ტურნირების სამგზის გამარჯვებულ ვავრინკას მარტის შემდეგ არ უთამაშია ATP TOUR-ზე ტერფის ტრავმის გამო და როგორც ჩანს შვეიცარიელმა გამოჯანმრთელება ვერ მოასწრო.
რაონიჩს საზარდულის ტრავმა აწუხებს, რის გამოც უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში მხოლოდ 1 მატჩი აქვს ჩატარებული.