ნოვაკ ჯოკოვიჩი Australian Open-ის ჩემპიონია

მელბურნში დასრულდა 2023 წლის პირველი დიდი სლემის საჩოგბურთო ტურნირი. ავსტრალიის ღია პირველობის, მამაკაცთა ერთეულთა თანრიგის ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩმა 6:3 7:6 7:6 სძლია სტეფანოს ციციპასს და კარიერაში მეათედ მოიგო Australian Open.

null

შეხვედრის სტარტი ნოვაკს უკეთესი გამოუვიდა – ადრეული ბრეიკი შეასრულა და 4:1 დაწინაურდა. სერბმა ჩოგბურთელმა უპრობლემოდ შეინარჩუნა 3 გეიმიანი ჰანდიკაპი და 38 წუთში პირველი სეტიც მოიგო 6:3.

მეორე პარტიაში სტეფანოსმა ჩაწოდების ხარისხი გამოასწორა და ბევრად მარტივად იგებდა გეიმებს საკუთარ მოწოდებაზე.

5:4-ზე ბერძენი ჩოგბურთელი ბრეიკპოინტამდე მივიდა, რომელიც ამავდროულად სეტპოინტიც გახლდათ. ურთულეს გათამაშებაში მაინც ჯოკოვიჩმა იმარჯვა და წონასწორობაც აღადგინა.

სეტის ბედი ტაიბრეიკზე გადაწყდა, სადაც “ნოლე” ოდნავ უკეთესად გამოიყურებოდა 7:6 (7:4).

null

მესამე პარტიის სტარტზე ციციპასმა ნანატრი ბრეიკი შეასრულა და 1:0 დაწინაურდა. თითქოს შეხვედრაში ინტრიგა დაბრუნდა, თუმცა ნოვაკი დროულად გამოფხიზლდა – სასწრაფოდ უკუბრეიკი გაახერხა და ანგარიში 1:1 გახადა.

პარტიის ბედი ამჯერადაც ტაიბრეიკზე გადაწყდა – ჯოკოვიჩმა იდეალური სტარტი აიღო და საწყისი 5 გათამაშება მოიგო.

ბერძენმა ჩოგბურთელმა ბევრი იწვალა, 2 მატჩპოინტიც გადაარჩინა, თუმცა “საჩოგბურთო ლატარეა” კიდევ ერთხელ დათმო 6:7 (5:7), მასთან ერთდ კი მატჩიც.

ნოვაკ ჯოკოვიჩმა კარიერაში 22-ე დიდი სლემის ტურნირი მოიგო და ამ მაჩვენებლით რაფაელ ნადალს გაუთანაბრდა( 10 ავსტრალიის ღია პირველობა, 7 უიმბლდონი,3 ამერიკის ღია პირველობა, 2 როლან გაროსი).

ჯოკოვიჩმა კარიერაში მეათედ მოიგო ავსტრალიის ღია პირველობა. ჩოგბურთის ისტორიაში მხოლოდ ორ ჩოგბურთელს აქვს რომელიმე დიდი სლემის ტიტული 10+ მოგებული (ნადალი – 14 როლან გაროსი).

ჯოკოვიჩმა კარიერაში 93-ე ტიტული მოიგო და ამ მაჩვენებლით რაფაელ ნადალს გადაასწრო. ნოვაკზე მეტი ტურნირი მხოლოდ ლენდლს (94), ფედერერს (103) და კონორსს (109) აქვთ მოგებული.

ხვალიდან, ნოვაკ ჯოკოვიჩი მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომრის სტატუსს დაიბრუნებს.

ჯოკოვიჩმა ციციპასი ზედიზედ მეათედ დაამარცხა, ურთიერთშეხვედრებში კი ანგარიში 11:2-ია სერბის სასარგებლოდ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *