მსოფლიო რეიტინგის პირველი ჩოგანი – ნოვაკ ჯოკოვიჩი არ ითამაშებს ATP CUP-ზე – ინფორმაციას ავრცელებს სერბული გამოცემა Blic.
სერბული საინფორმაციო პორტალი ასევე იუწყება, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ნოვაკის ასპარეზობა ავსტრალიის ღია პირველობაზე. ჯოკოვიჩი საბოლოო გადაწყვეტილებას ახალ წლამდე მიიღებს.
ჯერჯერობით სერბი ჩოგბურთელის სამწვრთნელო შტაბში ამ თემაზე საუბარს ერიდებიან და კომენტარს არ აკეთებენ, ჯოკოვიჩი კი ბელგრადში აგრძელებს ვარჯიშს და თავისუფალ დროს ოჯახთან ერთად ატარებს.
ავსტრალიის ღია პირველობის წინ „მწვანე კონტინენტზე“ რამდენიმე „გასახურებელი ტურნირი ჩატარდება, მათ შორისაა ATP CUP-იც. შეგახსენებთ, რომ 2020 წელს ეს სანაკრებო ტურნირი სერბეთმა მოიგო, 2021 წელს კი რუსეთმა.
Australian Open-ის მოქმედი გამარჯვებული ნოვაკ ჯოკოვიჩია, რომელიც ჯერჯერობით უარს იძახის კოვიდ საწინააღმდეგო აცრის გაკეთებაზე, ტურნირის ორგანიზატორები კი გამონაკლისის დაშვებას არ აპირებენ – ავსტრალიის ღია პირველობაზე ვერცერთი აუცრელი მოთამაშე ვერ ითამაშებს.
სავარაუდოდ, ჯოკოვიჩს არ უღირს მხოლოდ ATP CUP-ის სათამაშოდ გაფრენა ავსტრალიის კონტინენტზე, ამიტომ დიდი ალბათობით იგი გამოტოვებს სეზონის პირველ დიდ სლემს.
პოლონურმა პოპულარულმა სპორტულმა გამოცემამ PAP-მა ჩაატარა გამოკითხვა, რის შედეგადაც ნოვაკი 2021 წლის ევროპის საუკეთსო სპორტსმენად დაასახელა.
გამოკითხვაში მონაწილეობას 27 საინფორმაციო სააგენტო იღებდა, ჯოკოვიჩმა 172 ქულა დააგროვა, მეორე ადგილზე გასულმა რობერტ ლევანდოვსკიმ 133, ხოლო მესამე პოზიციაზე გასულმა მაქს ფერსტაპენმა 125.