მსოფლიო რეიტინგის პირველმა ჩოგანმა – ნოვაკ ჯოკოვიჩმა მიმდინარე სეზონში უკვე 7170 ქულა დააგროვა და გახდა პირველი მოთამაშე, რომელმაც კვალიფიკაცია გაიარა წლის შემაჯამებელ ტურნირზე, რომელიც სტარტს 14 ნოემბერს, იტალიის ქალაქ ტურინში აიღებს.
ნოვაკი წლის შემაჯამებელ ტურნირზე კარიერაში მეთოთხმეტედ გავიდა. სერბმა ჩოგბურთელმა ხუთჯერ შეძლო ATP FINALS-ის ტურნირის მოგება (2008,2012, 2013, 2014, 2015) და ამ მაჩვენებლით მხოლოდ როჯერ ფედერერს ჩამორჩება (6 ტიტული).
მიმდინარე სეზონის შედეგების მიხედვით საქართველოს პირველი ჩოგანი – ნიკოლოზ ბასილაშვილი 27-ე პოზიციას იკავებს საჩემპიონო რბოლაში (960 ქულა) და თეორიულ შანსს ინარჩუნებს, რათა კარიერაში პირველად მოხვდეს წლის შემაჯამებელ ტურნირზე.
2021 წლის საჩემპიონო რბოლა:
1. ნოვაკ ჯოკოვიჩი – 7170 (გაიარა კვალიფიკაცია)
2. სტეფანოს ციციპასი – 4570
3. მატეო ბერეტინი – 3505
4. ანდრეი რუბლიოვი – 3250
5. ალექსანდრ ზვერევი – 3195
6. დანილ მედვედევი – 3020
7. რაფაელ ნადალი – 2940
8. ჰუბერტ ჰურკაჩი – 2190
27. ნიკოლოზ ბასილაშვილი – 960
41. როჯერ ფედერერი – 690
წლის შემაჯამებელ ტურნირზე კვალიფიკაციის გავლა ასევე შეძლეს უიმბლდონის წყვილთა თანრიგის გამარჯვებულებმა – ნიკოლა მეკტიჩმა და მატე პავიჩმა.