კვირას, პრემიერლიგის პირველი ტურის მატჩში, ტოტენჰემმა შინ მოქმედი ჩემპიონი, მანჩესტერ სიტი 1:0 დაამარცხა კორეელი სონის გოლით. მინდორზე არ იყო დეზების ლიდერი ჰარი კეინი. მის მაგიერ ჩრდილოლონდონელებს მეკარე უგო ლორისი კაპიტნობდა.
საინტერესო კი ის არის, რომ ტოტენჰემის ახალმა დამრიგებელმა ნუნუ ეშპირიტუ სანტუმ, ახლაც არ იცის, ითამაშებს თუ არა კეინი მომავალ ტურში ვულვერჰემპტონის წინააღმდეგ. თავად კეინი ისევ იმედოვნებს, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სიტის ფეხბურთელი გახდება.
ტოტენჰემის მფლობელი დანიელ ლევი ჰარის 150 მილიონ ევროდ აფასებს. ქალაქელებმა კი ახლახან 100 მილიონად ჯეკ გრილიში შეიძინეს ასტონ ვილადან. ვითომ კიდევ გაიღებენ ამხელა თანხას?
ეშპირიტუ სანტუ თავდაჭერილი კაცია და ამჯერადაც კითხვაზე, რატომ არ ითამაშა კეინმაო, მშვიდად მიუგო: ის ფორმაში შესასვლელად ისევ ემზადებაო.