ბეწვის ხიდზე გაიარა გერმანიამ. 83-ე წუთამდე აგებდა ესპანეთთან და ვერდერის ბომბარდირმა ნიკლას ფიულკრუგმა გაიტანა. ფიულკრუგი, რომელიც შეცვლაზე შევიდა და რომელიც წლეულს გამოჩნდა ბრემენის ვერდერში, თორემ შარშანდლამდე მხოლოდ მისი ოჯახის წევრები თუ იფიქრებდნენ, რომ მუნდიალზე ითამაშებდა…
მოკლედ, ფლიკმა ფიულკრუგის სახით კოზირი გამოიყენა. აი, ჯოკერი კი ის იქნება, რომელიც ჯგუფიდან გაიყვანს.
გერმანიის გოლის მომენტში კარგი იყო ლეროი სანე, მერე ჯამალ მუსიალამაც კარგად წაიღო ბურთი, ხოლო ესპანელთა მცველი ბალდე ვერ გაერკვა რა ხდებოდა.
მანამდე ესპანეთმაც შეცვლაზე შესულმა ფორვარდმა დააწინაურა: ჟორდი ალბამ ჩააწოდა და ალვარო მორატამ ეშმაკურად აუჭრა ბურთი მანუელ ნოიერს… მოკლედ, ორი კოზირი გამოიყენეს მწვრთნელებმა: მორატაც, ფიულკრუგიც.
საერთოდ კი ამ მსოფლიოს კვალობაზე კარგი თამაში ვნახეთ. აი, დასასრული კი თავისუფლად შეიძლებოდა გერმანული ყოფილიყო: სანემ ყველაფერი კარგად გააკეთა, ბოლოს კი რატომღაც კარში არ დაარტყა და ვის უკეთებდა პასს, ალბათ თავად თუ იცის… სანეს შეეძლო მატჩის გმირი გამხდარიყო.
ახლა რა ხდება ჯგუფში? გერმანია ბოლო ადგილზეა 1 ქულით, მაგრამ ბოლო ტურში კოსტა-რიკას თუ მოიგებს, დიდი ალბათობით გავა.
საუკეთესო
ჯამალ მუსიალა. ცოტა გაგვიჭირდა არჩევანი, მაგრამ მაინც, საგოლე კომბინაციაში მიიღო მონაწილეობა და რამდენიმე ეპიზოდში ჩვეული ორიგინალურობით ითამაშა.
ესპანეთი-გერმანია 1:1
გოლები: 1:0 მორატა (62), 1:1 ფიულკრუგი (83)