ორნახევარი კაცის ამბავი

არგენტინელების ამბავი გასაგებია, სამშობლო სამშობლოა, მათ გარდა კი მთელი მსოფლიო პირადად ლეო მესის ჩემპიონობას ზეიმობდა. აღმოჩნდა, რომ ამ ჩვენს ომებით და ზიზღით დაყოფილ პლანეტაზე ხალხი რაღაცაში ერთსულოვანიც ყოფილა  — მესი დიდ კარიერას მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით თუ დაიმშვენებდა, ყველას გაეხარდებოდა. იძახე ამის შემდეგ, რომ ფეხბურთი მხოლოდ თამაშია.

ნაცნობი სადღაც აზიაში მუშაობს და ფინალის დროს იქიდან მომწერა, ოფისში ათასი ჯურის ადამიანი ერთ ტელევიზორს მივჩერებივართ და უნდა ნახო რა ხდება, ორნახევარი კაცის გარდა ყველა არგენტინისკენ არისო. მერე გავარკვიე, რომ ამ ორნახევარი კაციდან ის ნახევარი ფრანგი ყოფილა — თურმე ფეხბურთი არ ჰყვარებია და დიდად არც იყო მოვლენებში ჩართული.

Argentina's Lionel Messi says he wants to continue 'living a few more games being world champion' | CNN

ვიღაც მეტყვის, ხალხი მარტო მესის ჩემპიონობას სულაც არ ზეიმობდა, არგენტინას რამდენიც გინდა იმდენი გულშემატკივარი ჰყავსო. ჰყავს, როგორ არა, მაგრამ სად პირადად მესის გულშემატკივრების რაოდენობა და სად ზოგადად არგენტინელების. მესი რომ არ ყოფილიყო, სხვა ქვეყნების ქომაგთა და ნეიტრალური მაყურებლის სიმპათიები —  განა მარტო ფინალში, მთელს ჩემპიონატში — მგონი სხვანაირად განაწილდებოდა.

არ დაგიმალავთ და ჩემთვის, საიმისოდ, რომ მესი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს ფიგურად და განსაკუთრებულ მოვლენად მეღიარებინა, მისი ჩემპიონობა აუცილებელი არ იყო. მაინც ვიტყოდი, რომ არგენტინელი დიადთა შორის უდიადესია. აი, რაც შეეხება კამათს  იმის გამო, თუ ვინ იყო ყველა დროის საუკეთესო, მომკალით და სწორი არ მგონია.

პელეს დროს, ფეხბურთში საერთაშორისო შეჯიბრებები იმდენად ახალი შემოღებული იყო, რომ ის ხალხი, ვისაც „ყველა დრო“ ჰქონდა ნანახი, არა მხოლოდ ცოცხალი არამედ ჯანზეც ბრძანდებოდა. ამიტომ, მათთვის ასეთი ცნება — „ყველა დრო“ — მართლა არსებობდა. დღეს კი ეს ყველაფერი პირობითობად იქცა. მალე მსოფლიოს პირველი ჩემპიონატიდან საუკუნე გავა და ცხადია, ობიექტური საზომი იმისა, თუ ვინ იყო ამ ას წელიწადში საუკეთესო, აღარ არსებობს. მოედანი სხვა იყო, ბურთი სხვა იყო, ბუცი სხვა იყო, ზოგი წესიც კი სხვა იყო…

მითხარით, ვინმემ მაშინდელი კონტექსტი იცით? მე პირადად წარმოდგენა არ მაქვს. მხოლოდ ფაქტები წამიკითხავს, მაგრამ ვერ ვგრძნობ რა გავლენა იქონია ფეხბურთის განვითარებაზე მაგალითად ლეონიდასმა, რომელმაც, როგორც ამბობენ 1932 წლის 24 აპრილს, ბონსუკესოსა და კარიოკას შეხვედრაში მსოფლიოში პირველმა დაარტყა მაკრატელა. ის თურმე კარგა ხანს ფეხშიშველა თამაშობდა, მგონი ბუცები სულ ძალისძალად ჩააცვეს და საერთოდ, ნაღდი დიდი ვარსკვლავი ყოფილა. მაგრამ… ვინ შეაფასებს მან უფრო ბევრი შესძინა ფეხბურთს თუ მომდევნო თაობების ვარსკვლავებმა. იქნებ ბრწყინვალების დღეებში ის უფრო დიდი იყო, ვიდრე სხვა თავის ზენიტში ყოფნისას. კიდევ ვიმეორებ, ის, რომ ლეონიდასი მსოფლიოს ჩემპიონი ვერ გახდა, ჩემთვის არაფერს ნიშნავს, ისევე როგორც მესის ვერ დააკნინებდა ტიტულის გარეშე დარჩენა.

Histórias Incríveis: o mito Leônidas, diamante da bola, batiza chocolate | globoesporte.com

ამიტომ, მოკრძალებით გთავაზობთ, მსოფლიო ფეხბურთის კერპები თავიანთ სამეფოში დავასვენოთ და წვრილმანი კამათით — ვინ უფრო მეტი გოლი გაიტანა, ამან 200 თამაშში თუ იმან 350-ში — ნუ შევაწუხებთ. მითუმეტეს, რომ ერთი სათამაშოდ რომ ჩასულიყო და ფეხბურთი დღევანდლამდე მოეტანა, ძველებური გემით ოკეანეს სერავდა, მეორე კი თვითმფრინავში ჯდება და… მესამე დღეს ისევ სახლშია.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *