ყველა უბედურება ჩვენ როგორ უნდა გვჭირდეს? საქართველოს ნაკრებმა ბოლოს 6 ივნისს ითამაშა. და აი, მას მერე, 2 სექტემბერს ანუ სამი თვის თავზე, ჯერ ორი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა, შემდეგ კი… მოსამზადებელი. არ არის ეს სისულელე? რასაკვირველია არის, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, ვისაც პასუხი მოეთხოვება ამ ამბავს უეფას დრაკონულ კალენდარს დააბრალებს. არადა, თეორიულად, გუნდს, რომელსაც შეცდომის გამოსწორების უნარი აქვს, ნამდვილად ერჩივნა ჯერ ამხანაგური წაეგო, რამე დასკვნა გამოეტანა და ოფიციალურ მეტოქეებს მერეღა შეხვედროდა.
თუმცა, ვისზე ვლაპარაკობ… ბულგარეთთან თამაშის დღეს, ვიგრძენი რომ საღამოს მოახლოება მაშინებდა. არ ვხუმრობ, მართლა არ მინდოდა საღამო რომ დამდგარიყო, რადგან მორიგი კატასტროფის მოლოდინში ვიყავი. არ მინდოდა კიდევ ერთი შეურაცხყოფა გადამეყლაპა. სხვა გუნდს ნახავთო, დაგვპირდა წინა საღამოს ვილი სანიოლი, მე კი გული მაინც ძალიან ცუდს მეუბნებოდა და მართალიც ვყოფილვარ.
საერთოდ, როგორ მოახერხეს სანიოლმა და ქართული ფეხბურთის უსტაბაშებმა, სამ თვეში „იმ“ გუნდის „ამ“ გუნდამდე დაყვანა? დავიჯერო, გაზაფხულზე ის ვითომ-გამონათება მარტო კვარაცხელიას ამბავი იყო? კი, კვარაცხელიას გარდა რამდენიმე სხვა ფეხბურთელიც დაგვაკლდა, მაგრამ იმას, რაც პირველ და მეორე შეხვედრებში ვნახეთ, რად უნდა გამოკლებული ფეხბურთელების თვლა. ფეხბურთს რომ სირბილით თამაშობენ ამასთან ვაკო გვილიას ან ნიკა კვეკვესკირის შემადგენლობაში ყოფნა-არ ყოფნა რა კავშირშია? ვთქვათ, კიტეიშვილი დაშავდა. ამიტომ, რა? უნდა დავდგეთ? მაგიდის ფეხბურთის ფიგურებად ვიქეცით? დაფაში ჩაგვახრახნეს?
ანდა, კოსოვოს არავინ აკლდა? მთელი კვირის განმავლობაში დღეს არ ჩაუვლია, რომ არ დაეწერათ, მეტოქეს ესეც დაუშავდა და ისიცო. ამის მიუხედავად, გამოვიდა ის მეტოქე და ირბინა; ბურთიან კაცზე წამოვიდა, წაართვა ის ბურთი და კარში დაარტყა.
ხალხის დაკლებამ შეიძლება თამაშის ხარისხზე იმოქმედოს, თორემ დგომით რატომ უნდა იდგე? თან ყურებჩამოყრილი!
აი, ესპანეთის ნაკრებმა კი მიუხედავად იმისა, რომ თბილისში თითქოს ბოლო წამამდე გავუძალიანდით (რითაც თავი მოგვწონდა), ბადახოსში გვიმასპინძლა. ბადახოსი ის ქალაქია, სადაც ესპანელებს ჩვენამდე სულ ორი თამაში ჰქონდათ ჩატარებული: 1999-ში კვიპროს მოუგეს 8:0 და 2006-ში ლიხტენშტაინს 4:0. ანუ? ანუ, შეხვედრის ქალაქის შერჩევით, ესპანელებმა თავიდანვე გვითხრეს რა გუნდადაც მივაჩნდით და დაამატეს კიდეც ბადახოსში დარბეულ ორ მაჩანჩალას მესამე.
და ამ მესამემ რა ჰქნა არ იკითხავთ? მთელი მატჩის განმავლობაში სულ ოთხჯერ დაჯარიმდა! გესმით, ხალხო? თანატოლ ბიჭებს დაჯახება ვერ გაუბედეს.
ჰოდა, ბულგარეთზე ლაპარაკიც აღარ მინდა. სანიოლმა სხვა საქართველოს ვიხილავთო. ვიხილეთ… წინა ორ თამაშთან შედარებით, სადაც კომბალს ჩამოყრდნობილი მოხუცი მეცხვარეებივით იდგნენ, ვითომ ცოტა მეტი ირბინეს, მაგრამ იმ დღეს თავად მეტოქე იყო მეტისმეტად სუსტი და მაინც 4:1 მოიგო. ასე ვთქვათ, შუბლში საკონტროლო დაგვახალა. და ეს მოხდა შეხვედრაში, რომელიც წინა ორი მატჩისთვის მოსამზადებელი იყო…