აკაკი დევაძე – ოთხმოცდაათიან წლებში ბევრი დამწყები მეკარის კერპი. საოცარი ნიჭით, ხაზზე მითუმეტეს ბრწყინვალე რეაქციებით. პირადად მისი მოგებული თამაშიც გვახსენდება, მაგალითად, ალბანეთში 1994 წლის 14 დეკემბერს, როცა საქართველომ 1:0 გაიმარჯვა და მთელი ქვეყანა მოამზადა გერმანიასთან მატჩისთვის…
დევაძე Leadersport-ის რესპონდენტია. თავიდან ჯანმრთელობაზე ვკითხეთ და საბედნიეროდ, ყველაფერი ნორმაშია. აკაკი სტაბილურადაა და ბოლო წლებში დინამოს აკადემიაში მუშაობს, 19-წლამდელთა გუნდში მეკარეებს ავარჯიშებს.
ვფიქრობთ, დევასთან ინტერვიუს წაკითხვისას არ მოიწყენთ. სახალისო ისტორიები, გულიდან ამოსული…
1990 წელი. როცა პირველი ეროვნული ჩემპიონატი ჩატარდა… თქვენს თვალწინ გაიარა, მაშინ 18-19 წლის იყავით. გაიხსენეთ ის პერიოდი.
ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, სკოლა ახალი დამთავრებული მქონდა და თბილისის იბერიაში (მაშინდელ დინამოში) მოხვედრა ბევრს ნიშნავდა. ოცნება ამიხდა. ჩემი მეგობარი ნიკა ჩხეიძე პირველი მეკარე იყო, მე კი 8 თამაში მაინც მომიწია და კარგი შეფასებაც მივიღე. თუმცა წასვლა საჭირო გახდა პრაქტიკის მისაღებად. ზესტაფონის მარგვეთში გადავედი, კლუბის პრეზიდენტი თემურ კიკნაველიძე თან გადამყვა. იქ უკვე სტაბილურად ვითამაშე. მერე იყო შევარდენი, ფოთის კოლხეთი, ნაკრებიც. საქართველოს ნაკრებში პირველად ლიტვასთან ვითამაშე, ბოლო წუთზე გავუშვით და 0:1 წავაგეთ.
უშუქობა, უგაზობა, ფინანსური პრობლემები… ვიცით, რომ ელემენტარულად ეკიპირების პრობლემებიც ჰქონდა ნაკრებს.
ის დრო იყო, უცხოურ მანქანას რომ დავინახავდით, გვიკვირდა. ვაა, მერსედესი! პირადად მე ხელფასს პირველად ბუცებსა და ხელთათმანებში ვხარჯავდი. ყველაზე მეტად ესენი მჭირდებოდა. მაისურების გაცვლა გვეკრძალებოდა, რადგან სხვას ვერ ვიშოვიდით. მახსოვს, უელსს 5:0 რომ მოვუგეთ, თემურ ქეცბაიამ სარბენ ბილიკებზე ეტლში მჯდომ ინვალიდ ბიჭს თავისი ფორმა აჩუქა, რაზეც ხელმძღვანელობამ უსაყვედურა, ხომ იცი, სხვა კომპლექტი არ გვაქვსო. სხვებიც ვჩუქნიდით, მაგრამ მერე პრობლემა ხდებოდა. ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი ისე გვიყვარდა, სიტყვებით ვერ გადმოვცემ.
ხალხს შიოდა, მაგრამ როცა ნაკრები იგებდა, ავიწყდებოდა. გიგრძვნიათ ეს დამოკიდებულება?
რა თქმა უნდა. გული მწყდება, რომ შედეგებით ვერ ვპასუხობდით ამ სიყვარულს. კი, კარგად ვთამაშობდით, მაგრამ მთლიანობაში უფრო ბევრჯერ ვაგებდით. ბედი არ გინდა, შესარჩევშიც არ გვიმართლებდა, პირველი ორი კალათიდან სულ საუკეთესოები გვხვდებოდნენ. გამოცდილება გვაკლდა, თორემ პირველი შესარჩევიდან შეიძლებოდა გასვლა და ბულგარეთის ჯგუფში დატოვება. მესმის, ბევრი არ დამეთანხმება, მაგრამ გამოცდილება გვქონოდა, მოლდოვასთან ის თამში არ წაგვეგო, ბულგარეთში მომენტები გამოგვეყენებინა და სხვანაირად იქნებოდა საქმე.
ალბანეთთან სტუმრად 1:0 მოგება, კოტე მახარაძის ხმა რადიოში: „დევაძე სასწაულ ბურთს იღებს“, „დევაძე კედელია“ და ასე შემდეგ. ტელევიზორში მეორე დღეს გოლი ვნახეთ. თამაშზე მოჰყევით…
მსაჯი იყო მთვრალი. პირველი ეგ გამახსენდა.
მთვრალი?..
დიახ. ალკოჰოლის სუნი ასდიოდა. თავიდან მეგონა მეჩვენებოდა, მაგრამ რამდენჯერაც ახლოს ჩამიარა,აშკარად ვიგრძენი. რომელიღაც ჩვენიანს ვუთხარი, ეს მართლა მთვრალია-მეთქი და ვიცითო. უნგრელი იყო (ლასლო მოლნარი – ავტ) და მერე გავიგეთ, რომ ბოლო მატჩს ატარებდა კარიერაში. რომ დადგა ჩვენს მხარეს, იქით არც მიტრიალებულა და ჩვენს წინააღმდეგ უსტვენდა… ერთი მომენტი მახსოვს, გიორგი ქინქლაძემ თავის სტილში წაიღო ბურთი, სისწრაფეში ორი კაცი ჩამოიტოვა, მესამემ კი ძალიან ცუდად წააქცია. მეთქი, მინიმუმ ყვითელი ბარათია, მაგრამ მსაჯმა ჩვენსკენ გამოიშვირა ხელი და გიო დააჯარიმა. მოკლედ, აშკარად ალბანელებისკენ იყო. მაგრად დავდექი, მაგრამ ჩვენმა მცველებმაც მშვენივრად ითამაშეს: კახა ცხადაძემ და მურთაზ შელიამ ისეთი ბურთები გამოიტანეს.
სამ თვეში კი იყო გერმანიასთან მატჩი. ასეთი მოლოდინი და აჟიოტაჟი არ გვახსენდება…
წარმოუდგენლად ველოდებოდი, ცხოვრების თამაში იყო. დიდ გუნდებს მონატრებული იყო ხალხი და ამხელა გერმანია ჩამოდიოდა, ხუმრობა ხომ არ იყო.
სახელმწიფო სტრუქტურები და ბიზნესსექტორი ჩართული იქნებოდა, სტიმულირება…
დიახ, დიდი პრემიები იყო. მახსენდება, თბილისის მერი ნიკო ლეკიშვილი იყო მოსული, გაგვამხნევა. სხვა ცნობილი პირებიც გვხვდებოდნენ, თუმცა ჩვენ მოტივაცია ისედაც დიდი გვქონდა. უბრალოდ ვერ შევძელით…
თქვენი სუპერხუმრობაც: „კლინსმანი რომ ახტა, ჰაერში გაჩერდა და დამიძახა, ჰა ბიჭო, საით დაგირტყა, მარჯვნივ თუ მარცხნივ…“
ასეა. იმხელაზე ახტა და იმდენ ხანს გაჩერდა, მეგონა ტრიბუნიდან მიყურებდა. ჰო, ეს მართლა ვთქვი და ბიჭებმა აიტაცეს. მგონი, მეორე თუ მესამე დღეს ვთქვი. იმ წაგებულ საღამოს არაფრის ხალისი არ მქონდა. ერთი კი არის, იმ ბურთებს ვერ ავიღებდი. განსაკუთრებით მეორეს. ისე მოულოდნელად დამირტყა მოტრიალებით, რომ შანსი არ მქონდა. გამოცდილება… ორი თუ სამი მომენტი გერმანიასთან გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. ანდრეას კიოპკემ ერთი მაგარი აიღო. აი, მაგარი მეკარე ის იყო თუ იყო…
გერმანიაში კი, 4:1-ის მიუხედავად, ვეღარ გაგიტანათ კლინსმანმა. სასწაული თავური აუღეთ… გაიხსენეთ ის მომენტი.
მე თვითონაც რომ მესიამოვნა და აზარტში შევედი, ისეთი მოვიგერიე. თავურის აღება თან ახლოდან, იცით, საშინელებაა. თუმცა შეცდომებიც საკმაოდ მქონდა. პირველ გოლზე და მერეც. პირველზე ანდრეას მიოლერმა წამოიღო ბურთი, შელიას გასცდა და მე ნაბიჯი გადავდგი ცუდად. ის ნაბიჯი რომ არ გადამედგა, აქეთ რეაგირებას მოვასწრებდი. ახლო კუთხეში დამირტყა და გამიტანა.
„რომ“-ის თქმა ცოტა უხერხულია, მაგრამ მაინც. 38-ე წუთზე რომ არ გაგეშვათ გოლი და ტაიმი მოგებით დაგესრულებინათ, რა მოხდებოდა?
შესაძლოა, არ წაგვეგო. დიდი სხვაობა იყო გუნდებს შორის, მაგრამ ფეხბურთია და ყველაფერი ხდება. ყველა მაგარი ჰყავდათ, მაგრამ ჰესლერმა გამიშრო სისხლი, რამდენჯერ დამირტყა, ხან ვითომ დარტყმას აპირებდა და უცებ სხვას აძლევდა პასს.
რუსეთის როსტსელმაშში მახსოვს, დიდი ანგარიშით წააგეთ და ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაგასახელეს. ესეც „კლასიკაა“… როგორ გაიხსენებდით?
ვოლგოგრადის როტორთან 1:4 წავაგეთ. მაშინ წესი იყო, ტურის საუკეთესო ფეხბურთელს პრიზს აძლევდნენ და ინტერვიუს წერდნენ. ტრიბუნაზე გადამიღეს, ხუთი-ექვსი კითხვა დამისვეს. ვასილი უტკინმა ჩამომართვა ინტერვიუ, პრიზი მომცა და ვუთხარი – კი მაგრამ, მეუხერხულება, სად გაგიგიათ, 1:4 წავაგეთ და ტურის საუკეთესო რანაირად გავხდი-მეთქი?! მაგრამ დაგვბომბეს, იმდენჯერ დამირტყეს კარში და იმდენი მოვიგერიე, ამერია სათვალავი.
რუსეთიდან დასავლეთევროპულ კლუბში გადასვლა არ შეგეძლოთ?
ერთხელ იყო მადრიდის ატლეტიკოს ვარიანტი. ოღონდ, გასინჯვაზეო და რაღა დროს ჩემი გასინჯვა იყო? 24 წლის ვიყავი. უარი ვთქვი. თან საქართველოს ნაკრებში ვიყავი, თან კლუბშიც კარგად მიმდიოდა საქმე. ატლეტიკოს კარში უნსუე იდგა. მეორე წელს ატლეტიკო ესპანეთის ჩემპიონი გახდა და თასიც მოიგო.
დიახ, რადომირ ანტიჩის გუნდი: სიმეონე, პანტიჩი, კამინერო, კიკო… საქართველოს ნაკრებზე. ბოლოდროინდელი წარმატების ფაქტორები. საინტერესოა თქვენი აზრი…
გუნდურად დაყენებული თამაშია. აქ უფრო ვილი სანიოლის დიდ დამსახურებას ვხედავ. ეტყობათ სათამაშო დისციპლინა, გამართული თამაში. და იღბალიც… თუმცა ამ იღბალს დამსახურება სჭირდება. ჩვენ დროს არ გვიმართლებდა, ეტყობა რაღაცას ვაკლებდით. აი, თუნდაც ბულგარეთთან იქ ხომ შეიძლებოდა გაგვამრთლებოდა? ბულგარელებთან იქ უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე თბილისში როცა 2:1 მოვუგეთ. მაგრამ ცუდად დაემთხვა, მათ გამოიყენეს შანსები, ჩვენ – ვერა.
გიორგი მამარდაშვილი რომ დავახასიათოთ… როგორც ვიცით, თქვენც წვრთნიდით მცირე პერიოდში.
მე მხოლოდ ასაკობრივ ნაკრებში მქონდა შეხება, დინამოს აკადემიაში მამარდაშვილის მეკარედ აღზრდაში დიდი წვლილი შეიტანა რეზო ნაჭყებიამ. ასევე ზურაბ ქვაჩახიამ, გიორგი მაკასარაშვილმა. რა თქმა უნდა, მამის როლი უმთავრესია, დათო მამარდაშვილი თვითონაც მეკარე იყო. ახლაც მაგარი ბიჭები მოდიან დინამოს აკადემიაში და ახლავე გეტყვით მათ სახელ-გვარებს: 2006 წელს დაბადებული მათე საური და მასზე ერთი წლით უფროსი დავით იობაშვილი. აი ისინი ახლავე რომ ათამაშო ნებისმიერი გრანდი კლუბის აკადემიაში, ყველგან მაგრად დადგებიან. დაიმახსოვრეთ მათი გვარები… რაც შეეხება ისევ მამარდაშვილს, მგონი უჩემოდაც ყველაფერი ჩანს. ამხელა კლუბში ენდობიან.
ლორია თუ მამარდაშვილი, ვინ უნდა იყოს ნაკრებში პირველი მეკარე? აზრები იყოფა. თქვენ როგორ ფიქრობთ?
მე უკვე მამარდაშვილს დავაყენებდი. დიდი პერსპექტოვა აქვს, მომავალი აქვს და ამხელა კლუბში ენდობიან. ცოტა უხერხულია ხოლმე, ვალენსიას ძირითადი მეკარე რომ ნაკრებში მეორეა. ეს პირადად ჩემი აზრია, მეტ ნდობას იმსახურებს. მამარდაშვილი ფსიქოლოგიურად უკვე მომწიფებულია, ეს დაამტკიცა ნაკრებში იმ მცირე რაოდენობის მატჩებში, სადაც დააყენეს. ერთი წუთით არ ვამბობ, რომ ლორია ცუდი მეკარეა, მაგრამ უკვე ასაკშია. ლორია მალე წავა, მამარდაშვილს კი დრო ეკარგება.
ზოგადად ახალგაზრდისთვის მეორე სეზონი უფრო რთულია ხოლმე. ახლა მამარდაშვილის მიმართ ესპანეთში სხვა სიტუაცია იქნება: მეტს მოსთხოვენ.
ულაპარაკოდ. ნდობა მეტია? ესე იგი, პასუხისმგებლობაც იზრდება. თან არ ვიცი, ჯენარო გატუზო რამდენად ენდობა და რა დროს მისცემს. ბორდალასმა მამარდაშვილს გზა გაუხსნა. არ უნდა მოეშვას გიორგი და თუ სტაბილურად იდგება, არც არავინ დაუკარგავს. მჯერა, ძლიერია და ფსიქოლოგიურადაც მაგრად დგას.
ბოლოს ისევ თქვენზე. უკეთესი კარიერა შეიძლებოდა გქონოდათ და იგივე ითქმის თქვენი თაობის თითქმის ყველა ქართველ ფეხბურთელზე. გული გწყდებათ?
ამაზე ხშირად მეფიქრება დღისით, ღამით… ბევრი დავაკელი, არაფერში დავკარგე დრო. მაგალითად კლუბში გადასვლა. თავის დროზე როსტსელმაშში კი არ უნდა გადავსულიყავი, როტორში დავრჩენილიყავი. თავიდან ნაკრებში მაგარი თამაშების მერე როტორში ჩავედი. ის პერიოდია, მაგარი გუნდი რომ ჰყავდათ თავისი ვერეტენიკოვით, ესიპოვით, ნიდერგაუსით. მანჩესტერ იუნაიტედიც გამოთიშეს უეფას თასიდან. ერთ-ერთ ვარჯიშზე ნიდერგაუსს გარღვევისას ჩავუხტი და ბეტონი იყო, იმას შევასკდი თავით. პირველად მაშინ ჩავხედე თვალებში სიკვდილს. ან სად ჩავხედე, სად მქონდა თვალები, მკვდარი ვიყავი… თურმე ქაფი გადმომდიოდა პირიდან. საბედნიეროდ, ორი კვირა გამიცდდა, მეტი არა. გერმანიაში მაინც გამაყოლეს გუნდს. შემეძლო როტორში დარჩენა, მაგრამ მე და თანაგუნდელი შუტოვი მაინც როსტსელმაშში გადავედით. მეორე სიკვდილი ისრაელში გადავიტანე, როცა მეტოქე სახეში მუხლებით შემეჯახა. მესამე კი საქართველო-თურქეთის მატჩის დროს, ამისულაშვილი და ბაშთურქი ერთად, მაშინ ძლივს გადავრჩი. ეტყობა, ღმერთმა არ გამწირა. სხვა მხრივ კი ბედნიერი ვარ, დიდი ოჯახი მყავს და მათ გარშემო ვხარობ. შვილიშვილი ფეხბურთზე დადის.
მეკარე ხომ არაა?
არა, წინ თამაშობს. 7 წლისაა. რა უნდა მეკარედ, მე არ ვეყოფოდი? სამჯერ გამომიტირა ოჯახმა და კიდევ მეკარე გვინდა?!