რიონეგროდან მედელინში რომ ჩახვიდე, მწვანეში ჩაფლული მთიანი გზით 30 კილომეტრი უნდა გაიარო. მას მერე, რაც აქ აეროპორტი ააშენეს ბევრი უცხოელი კოლუმბიის გაცნობას სწორედ ამ დაკლაკნილი ტრასით იწყებს და თუ მზის ჩასვლაც ემთხვევა, ბუნებით მოხიბლულებს ავიწყდებათ რა წაიკითხეს ინტერნეტში შინიდან გამოსვლის წინ, რას აფრთხილებდნენ ტურისტულ სააგენტოებში, რას ეუბნებოდნენ ახლობლები. ტრასის გასწვრივ ადგილობრივები სურნელოვან კენკრას ჰყიდიან, ხოლო ერთ ადგილას გაზიმზიმებულ სუპერმარკეტს აწერია: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ენვიგადოს მუნიციპალიტეტში, სადაც უპირველეს ყოვლისა ხალხს ვცემთ პატივს“.
ენვიგადო მედელინიდან 10-11 კილომეტრში მდებარე პატარა ქალაქია, რომელიც 200 წლის წინ დასახლებული პუნქტი იყო, სადაც ჩვენი რიკოთის არ იყოს რიონეგროდან მედელინისკენ ან მედელინიდან რიონეგროსკენ მიმავალი ადამიანები ჩერდებოდნენ. ამის გამო ესპანელმა მმართველებმა მას მუნიციპალიტეტის სტატუსი მიანიჭეს. 1929 წელს, 55 წლიანი წვალების შემდეგ, კოლუმბიის მთებში გაყვანილმა ეგრეთწოდებულმა ანტიოქიის დეპარტამენტის რკინიგზამ ენვიგადომდეც მიაღწია და მდინარე მაგდალენას პატარა ქალაქები ერთმანეთთან დააკავშირა, ამან კი თავის მხრივ საზღვაო პორტებთან მიმოსვლა გააცხოველა და მედელინი, მასთან ერთად კი ენვიგადო განვითარების გზას დააყენა.
დღეს ენვიგადოზე ამბობენ, რომ ეს არის ქალაქი, სადაც ოჯახთან ერთად შეიძლება დასვენება და ტურისტისთვის ძნელია მიხვდეს, რომ არცთუ დიდი ხნის წინ აქ იყო ნარკოტრაფიკის დედაქალაქი, სადაც სისხლიანი გარჩევები ეწყობოდა და კიდევ… აქედან დაიწყო კოლუმბიური ფეხბურთის ხელახალი აღორძინება.
***
ენვიგადოს ფეხბურთის კლუბი თავს Cantera de Héroes უწოდებს. მეორე სიტყვა რასაც ნიშნავს გასაგებია, პირველი კი ესპანურიდან ითარგმნება, როგორც საბადო, კანიონი – აი, „მაკენას ოქროში“ რომ არის ისეთი. ზოგადად, ესპანურენოვან ქვეყნებში ფეხბურთზე რომ ლაპარაკობენ კანტერას ბავშვთა სკოლებსა და აკადემიებს უწოდებენ. მართალია ამ მხრივ ენვიგადო მედელინელ მეზობლებს, ატლეტიკო ნასიონალსა და ინდეპენდიენტე მედელინს ვერ გაუტოლდება, მაგრამ ბოლო ათწლეულებში ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი აღზარდა. ხამესიც აქედან არის.
***
არადა, ენვიგადოს ფეხბურთის კლუბი 1989 წელს, ნარკომაფიის უკონტროლო ბატონობის ხანაში დაარსდა. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, თუკი კოლუმბიაში რომელიმე დასახლებული პუნქტისთვის შეიძლებოდა კარტელების ერთ-ერთი მთავარი ცენტრი გვეწოდებინა, ეს სწორედ ენვიგადო იყო – ქალაქი, სადაც თვით პაბლო ესკობარი გაიზარდა.
ესკობარის კარტელი 1989 წელს კოლუმბიიდან გატანილი ნარკოტიკების 70 პროცენტს აკონტროლებდა, ხოლო მისმა „ძალოვანმა სტრუქტურამ“ „ენვიგადოს ოფისმა“ იმავე წელიწადს სარეკორდო 5045 მკვლელობა ჩაიდინა. სხვათა შორის, რამდენიმე წლის შემდეგ „ოფისი“ ისე განვითარდა, რომ თავი დამოუკიდებელ ორგანიზაციად იგრძნო და ესკობარს გაემიჯნა, რამაც 1993 წელს ლეგენდარული ნარკობარონის სიკვდილი განაპირობა, მაგრამ ეს უკვე სხვა ისტორიაა.
სულ კოლუმბიაში ნარკომაფიის შეუნიღბავი ბატონობის ხანა 30 წელიწადს გაგრძელდა (ამით იმის თქმა არ გვინდა, რომ დღეს ამ ქვეყანაში კარტელები აღარ არის, მაგრამ იმ პერიოდთან რა შედარებაა) და ამ ხნის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკა ბინძურ ინვესტიციებს ისე ჩაეხლართა, რომ გამოცალკევება დღემდე დიდ პრობლემებთან არის დაკავშირებული. თან, მედალს ორი მხარე აქვს: ერთი მხრივ ნარკომაფია წლების განმავლობაში ხოცავდა ხალხს, აუბედურებდა ოჯახებს, რყვნიდა განსაკუთრებით შავკანიან საზოგადოებას, მაგრამ მეორე მხრივ სწორედ ამ ხოცვა-ჟლეტით ნაშოვნი ფულის ნაწილს ხარჯავდა მშენებლობებსა და ქველმოქმედებაში. ფეხბურთს სისხლიანი ფულით დაფინანსებულ სფეროთა შორის გამორჩეული ადგილი ეკავა.
კოლუმბიურმა მაფიამ ფეხბურთში განსაკუთრებით დიდძალი თანხები 1980-იან წლებსა და 90-იანების დასაწყისში ჩადო. სწორედ მაშინ გაძლიერდა ესკობარის საყვარელი კლუბი ატლეტიკო ნასიონალი.
სისხლიანი ფულით ვითარდებოდა საფეხბურთო ინფრასტრუქტურა, აშენდა მრავალი სტადიონი და საწვრთნელი კომპლექსი, ფინანსდებოდა ყმაწვილთა შეჯიბრება სახელწოდებით Pony Futbol, რომელმაც 2004 წელს, 12 წლის ხამეს როდრიგესისთვის ტრამპლინის ფუნქცია შეასრულა. სხვათა შორის, იმავე წელიწადს კოლუმბიაში ბანდების მიერ ჩადენილ მკვლელობათა რიცხვი მკვეთრად შემცირდა, თუმცა… თავს ნუ მოვიტყუებთ. ენვიგადოში „ოფისის“ გავლენა დღესაც დიდია. თუმცა, ეს კი არის, რომ ავტომატიანი ადამიანები ქუჩებში გიჟებივით აღარ დარბიან.
***
2012 წელს გაზეთმა „ელ ესპექტადორმა“ გამოაქვეყნა წერილი სათაურით „ენვიგადოს ფეხბურთის კლუბის საიდუმლოებანი“. სტატიაში დასაბუთებული იყო, რომ კლუბის ფინანსური მხარე მღვრიე და ბუნდოვანია, ხოლო მისი დამფუძნებლები და დირექტორატის წევრები 80-იან და 90-იან წლებში „ოფისთან“ ფრიად დაახლოებული ადამიანები არიან. კლუბმა წერილი უპასუხოდ არ დატოვა: ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა ვრცელი პოსტი რომელსაც ერქვა „ყვითელი ჟურნალისტიკა“, სადაც სხვა არგუმენტებთან ერთად ავტორს ისიც მოჰყავდა, რომ უკონტროლობის წლებში კარტელებისგან შევიწროებულმა კლუბმა სისხლიც კი დაღვარა:
1993 წლის სექტემბერში ენვიგადოს ერთ-ერთ ბარში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს კლუბის პირველი პრეზიდენტის შვილი და კოლუმბიის ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთი წევრი ხორხე ბუსტამანტე.
1997 წლის იანვარში კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელ გუსტავო უპეგუის მისმა დაცვის წევრმა ესროლა. სანამ ბოსს ესროდა მანვე ჩაცხრილა თავისი ორი კოლეგა და მერე თავიც მოიკლა, მაგრამ უპეგუი გადარჩა.
1998 წლის უპეგუი დაიჭირეს. მას ბრალად შეიარაღებული დაჯგუფების შექმნა და ადამიანების გატაცება დასდეს. ორწელიწადნახევრიანი პატიმრობის შემდეგ ადვოკატმა დაამტკიცა, რომ განაჩენი სამართლიანი არ იყო და უპეგუი გაანთავისუფლეს.
2002 წლის მარტში გაიტაცეს კლუბის ხაზინადარი ლუის ავენდანიო, რომლის გვამიც რამდენიმე დღეში პატარა ქალაქ ელ რეტიროს ქუჩაში იპოვნეს.
2006 წლის ივლისში მტრების მიერ დაქირავებულმა „ოფისის“ ქილერებმა, პოლიციელთა საბუთებით უპეგუის მდიდრულ აგარაკზე შეაღწიეს, სადაც ის აწამეს და მოკლეს.
2006 წლის სექტემბერში საბილიარდოში მოკლეს კლუბის კიდევ ერთი ყოფილი პრეზიდენტი ოქტავიო ველასკეს მეხია.
როგორც ჩანს ენვიგადოს მართლა დაუღვრია სისხლი. კლუბის ერთ-ერთ შეფს უსამართლო პატიმრობაც კი გადაუტანია, მაგრამ მოდი და რა ხდებოდა. იქნებ ჩვეულებრივი ბანდიტური გარჩევები იყო.
თუმცა… რას გეტყვით, იცით? კანტერა ხომ მუშაობს და დანარჩენს კოლუმბიელები თავად მიხედავენ.