პაპას ოქრო! “50 გირვანქა დავდე, 125 000 მოვიგე და პენსიაზე გავედი”

ჰარი უილსონი – ეს 24 წლის ნახევარმცველი უელსის ნაკრებში თამაშობს და დღეს დანიას დაუპირისპირდება. რეკორდსმენია, ყველაზე ახალგაზრდაა, ვისაც უელსის ნაკრებში დებიუტი ჰქონდა და ეს მოხდა 16 წლის ასაკში, ბელგიასთან (1:1).

ძველი ისტორიაა, მაგრამ კომენტარებსაც დავამატებთ…

ჰარი უილსონი 3 წლის ყოფილა, როცა პაპამისმა, პიტ ედვარდსმა William Hill-ში 50 გირვანქა დადო, რომ ჰარი უელსის ეროვნულ ნაკრებში ითამაშებდა. კოეფიციენტი? 2500! ანუ, პიტ ედვარდსმა 125 000 გირვანქა მოიგო…

რას წარმოიდგენდა, თუ ასე მალე მოიგებდა? შვილიშვილი სკოლაში დადიოდა, როცა ნაკრებში ათამაშეს.

პიტ ედვარდსი ელექტრიკოსი იყო და ამ თანხის მოგებისთანავე პენსიაზე გავიდა. იმ დროს 61 წლის იყო, ახლა კი 69-ისაა.

„რექსჰემში ვცხოვრობდით. შევედი William Hill-ში და ავუხსენი, რაც მსურდა და ვიკითხე, როგორ მოვქცეულიყავი. მენეჯერმა არ იცოდა და ამ დროს დამაკავშირეს ლონდონის ოფისს. იქ ამიხსნეს. ზოგიერთი საბუკმეკერო კანტორა იღებს ასეთ ორიგინალურ ფსონებს და ცალკე კოეფიციენტს იძლევა. 50 გირვანქა დავდე 2500/1-ზე. ბელგიასთან იმ ბედნიერ მატჩში კი იმდენი ვინერვიულე, რომ პანიკაში ჩავვარდი. შეცვლები ერთმანეთს მიეწყო და თამაში მთავრდებოდა. ვუყურებდი, ლუდს უზომოდ ვსვამდი და კიდევ ერთი კათხა რომ ავიღე, ზუსტად იმ დროს დავინახე, ჰარი შემოჰყავდათ. სამუშაო? ჩემს ბოსს ვუთხარი, რომ თუ ჰარის ათამაშებდნენ, სამუშაოდ აღარ დავრუნდებოდი. ჩემი ცოლი სიხარულისგან ლამის გაგიჟდა“.

და რატომ მოუვიდა აზრად, რომ შვილიშვილზე ასეთი ფსონი გაეკეთებინა? რა შეამჩნია?

„ის ორი წლისაც არ იყო, როცა ბურთს დასდევდა. არაჩვეულებრივი უნარი ჰქონდა“.

შემდეგ ჰარი უილსონი ლივერპულის აკადემიაში მოხვდა. დღეს კი კარდიფ სიტიშია.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *