კვირას, გვიან საღამოს, პარიზის ლე ბურჟეს აეროპორტში უჩვეულო ხალხმრავლობა იყო, იქაურობა პარი სენ-ჟერმენის გულშემატკივრებით გაივსო.
მიზეზი? დღისით ხმა დარხეულა, ლიონელ მესი ჩამოდისო, ყველას სურდა პარიზელთა ახალი გმირის ნახვა. ისინი მესი, მესის ძახილით შეიკრიბნენ შესასვლელთან.
მაგრამ შეტყობინება ყალბი გამოდგა. მესი ჯერ კიდევ ბარსელონაშია და გუშინ პრესკონფერენციაც გამართა კამპ ნოუზე, სადაც თვალცრემლიანმა თქვა: ბარსელონადან წასვლა არ მინდა, მაგრამ კლუბის და ლა ლიგის ფინანსური პოლიტიკიდან გამომდინარე, იძულებული ვარ ეს ნაბიჯი გადავდგაო.
თუმცა, არგენტინელი ყოველ წუთს შეიძლება პარიზში აღმოჩნდეს. პსჟ მას ორწლიან კონტრაქტს და კვირაში ჯამაგირად 570 ათას გირვანქას სთავაზობს.