ევროლიგის XXI ტურში დიდ ინტერესს იწვევდა ბელგრადული დერბი – ალექსანდრ ნიკოლიჩ ჰოლში ერთმანეთს ცრვენა ზვეზდა და პარტიზანი უპირისპირდებოდნენ.
ტურნირის ხელმძღვანელთა გადაწყვეტილებით, სტუმრის სტატუსში მყოფ “პარტიზანს” უფლება მიეცა 600 გულშემატკივარი მიეყვანა დარბაზში, დანარჩენი 7 600 ადგილი კი მასპინძლებს ეკუთვნოდათ.
შეხვედრის სტარტი “ცრვენას” უკეთესი გამოუვიდა – ლამაზად გათამაშებული კომბინაციის შემდეგ ზუსტი სამქულიანით ანგარიში ნემანია ნედოვიჩმა გახსნა 3:0.
“პარტიზანი” დროულად გამოფხიზლდა – მატიას ლესომ და დანტე ეკზამმა ახლო დისტანციებიდან დაბომბეს მეტოქის კალათი და ლიდერობა მოიპოვეს.
3 მეოთხედის განმავლობაში სტუმრები დამაჯერებლად ინარჩუნებდნენ 5-6 ქულიან უპირატესობას, თუმცა უკანასკნელ 10 წუთეულში სიტუაცია უაღრესად დაიძაბა. ნემანია ნედოვიჩის ზუსტ შორეულ ტყორცნას ლუკა ვიდოზამ 3 ქულიანი მიაყოლა, შესაბამისად მასპინძლები “თამაშში დაბრუნდნენ”.
უმნიშვნელოვანეს მომენტში “აფეთქდა” ზაკ ლედაი, რომელმაც ზედიზედ 7 ქულა მოიპოვა და “პარტიზანი” ისევ წინ გაიქცა ანგარიშში.
მასპინძლებმა ბევრი იწვალეს, საფინალო სირენასთან ერთად ნედოვიჩმა სამქულიანიც ჩასვა კალათში, თუმცა ეს საკმარისი მაინც არ გამოდგა – ბელგრადული დერბი ჟელკო ობრადოვიჩის გაწვრთნილმა “პარტიზანმა” მოიგო 79-78.
პარტიზანმა მოსისხლე მტრებს სრულფასოვანი რევანში აუღო მე-12 ტურში ნაწვნევი მწარე მარცხისთვის.
21 ტურის შემდეგ ორივე ბელგრადულ კლუბს მოგება/წაგების ერთნაირი ბალანსი გააჩნია – 10/11. სერბული კლუბები 11-12 პოზიციებს იყოფენ ცხრილში და მშვენიერ შანსს ინარჩუნებენ პლეიოფში გასვლის.
ცრვენა ზვეზდა – პარტიზანი 78:79 (18:20, 19:25, 17:12, 24:22)
ცრვენა ზვეზდა:ვილდოზა (26), ნედოვიჩი (23), დობრიჩი (13), ბენტილი (2), კუზმიჩი (0) – სტარტი; პეტრუშევი (8 + 10 მოხსნა), ივანოვიჩი (2), ლაზარევიჩი (2), მიტროვიჩი (2), ლაზიჩი (0), მარკოვიჩი (0).
პარტიზანი:ეკზამი(20), ლესო (13 + 8 მოხსნა), პანტერი (6), ტრიფუნოვიჩი (0), პაპაპეტრუ(0) – სტარტი; ლედაი (20), სმაილაგიჩი (7), მადარი(5), ავრამოვიჩი (3), ნანელი (3), ანდუშიჩი (2).