ევროპის ჩემპიონატს მორიგი 1/4 ფინალისტი ჰყავს. ბელგიის ნაკრები სევილიაში პორტუგალიის ეროვნულ გუნდს შეხვდა და 1:0 მოუგო.
პირველი ტაიმი არცისე საინტერესო იყო, შესამჩნევი იყო გუნდების სიფრთხილე, ეს ბუნებრივიცაა, რადგან სასწორზე 1/4 ფინალი იდო. შეხვედრის ერთადერთი გოლი 42-ე წუთზე გავიდა. ტორგან აზარმა მარცხნივ ბურთი მიიღო, შუაში შეიწია და ძლიერი დარტყმით გაიტანა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს გოლი მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
მეორე ნახევარში პორტუგალიამ მოუმატა და მომენტებიც ჰქონდა, თუმცა ბრუნო ფერნანდეშს, რაფაელ გერეიროს და ჟოაო ფელიქსს სიზუსტემ უმტყუნეს. წინა მატჩებთან შედარებით პასიური იყო კრიშტიანუ რონალდუ, რომელსაც ბევრი მომენტი არ ჰქონია.
ბელგიის ნაკრები 1/4 ფინალში გავიდა, სადაც 2 ივლისს იტალიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.