პატრის ევრას მძიმე ბავშვობა ჰქონდა და ამაზე არაერთხელ ღიად უსაუბრია, თუმცა ბოლოს შოკის მომგვრელი ინფორმაცია გაავრცელა. ევრამ საკუთარ ავტობიოგრაფიულ წიგნში დეტალურად გაიხსენა თუ როგორ იძალადა სექსუალურად 13 წლის ასაკში მასზე მასწავლებელმა.
“13 წლის ვიყავი როცა მასწავლებელმა ჩემზე სექსუალურად იძალადა. ამაზე საუბარი მარტივი არ არის, თუმცა რას ვიზამთ. ამის მოსმენა ყველაზე რთული დედაჩემისთვის იყო, რომელმაც ეს ამბავი 2 კვირის წინ გაიგო. მან მითხრა, რომ ავტობიოგრაფიულ წიგნში ეს ისტორია არ მომეყოლა, რადგან საკმაოდ პირადია, თუმცა ამის შესახებ მაინც დავწერე. დედას ვუთხარი, რომ ეს ისტორია არა მხოლოდ ჩემზე, არამედ სხვა ბავშვებზეცაა და მინდა მათ დავეხმარო.”-ციტირებს ევრას სიტყვებს The Guardian-ი.
ევრამ კარიერა მარსალაში დაიწყო, შემდეგ იყო მონცა, მონაკო, მანჩესტერ იუნაიტედი, იუვენტუსი, მარსელი და ბოლოს ვესტ ჰემი, სადაც 37 წლის ასაკში კარიერა დაასრულა. ევრას საუკეთესო პერიოდი მანჩესტერში ედგა, სადაც სხვა ბევრ ტიტულთან ერთად 5-ჯერ პრემიერლიგა და ერთხელ ჩემპიონთა ლიგა მოიგო. გამოცდილმა მარცხენა მცველმა საფრანგეთის ნაკრებში 81 შეხვედრა ჩაატარა.