უაღრესად საინტერესო და დრამატული გამოდგა ქალთა ერთეულთა თანრიგის ფინალი ინდიან-უელსზე. ურთულეს ბრძოლაში, პაოლა ბადოსამ 7:6 2:6 7:6 სძლია ვიქტორია აზარენკას და კარიერაში მე-2 ტიტული მოიგო.
პირველი სეტის მიმდინარეობისას ესპანელი ჩოგბურთელი ფლობდა უპირატესობას – პაოლა ორჯერ იგებდა ბრეიკიანი უპირატესობით (4:3, 6:5), თუმცა ორივე შემთხვევაში ვიკამ დროულად შეასრულა უკუბრეიკი და პარტია ტაიბრეიკზე გადაიყვანა.
ბადოსამ „საჩოგბურთო ლატარეა“ ბრწყინვალედ დაიწყო და 4:0 დაწინაურდა, თუმცა აზარენკამ ისევ მოახერხა „დაბრუნება“ – 10 გათამაშებული ქულის შემდეგ ანგარიში 5:5 იყო. ესპანელმა მაინც მოახერხა კონცენტრაციის დაბრუნება, მომდევნო 2 ქულა მოიგო და მასთან ერთად სეტიც 7:5.
მეორე პარტიაში უკვე ბელორუსი ჩოგბურთელი დომინირებდა – აზარენკამ სამჯერ აიღ მეტოქის ჩაწოდება და 33 წუთში სეტებს შორის ანგარიში გაათანაბრა 1:1 (6:7 6:2).
მესამე, გადამწყვეტი პარტია გარდამავალი უპირატესობით წარიმართა – სტარტზე პაოლა დაწინაურდა ბრეიქით 2:0, თუმცა ვიკამ ანგარიში დროულად გაათანაბრა, სეტის მიწურულს კი უკვე ბელარუსმა ჩოგბურთელმა მოიგო მეტოქის გეიმი და მატჩზე ჩაწოდების უფლება მიიღო. ბადოსამ ძალები მოიკრიფა და უკუბრეიკის შესრულებით მატჩში „დარჩა“ 5:5.
მესამე სეტის ბედიც ტაიბრეიკზე გადაწყდა, სადაც იდეალურად ითამაშა ესპანელმა – საწყისი 5 გათამაშება მოიგო და შემდეგ ლოგიკურ გამარჯვებამდე მიიყვანა მე-13 გეიმი – 7:2.
ბადოსამ პირველად მოიგო 1000-იანთა კატეგორიის ტურნირი და მსოფლიო რეიტინგში მე-13 პოზიციამდე აღზევდა, რაც მის კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელია.