ქართულმა ფრანჩაიზმა შავი ლომი ევროპის სუპერთასის გათამაშებაში მეორე შეხედრა გამართა. ჩვენმა გუნდმა სტუმრად შეძლო რუსეთის ვიცე-ჩემპიონის პენზის ლოკომოტივის დამარცხება – 27:11.
მატჩის ბედი შავმა ლომმა, ფაქტობრივად, მატჩის პირველ ტაიმში გადაწყვიტა. ქართველმა მორაგბეებმა მეტოქეს სამი ლელო გაუტანეს, როცა მასპინძლებმა მხოლოდ ორი საჯარიმოს გატანა შეძლეს – 22:6. პირველ ნახევარში ჩვენი გუნდი ბევრად უკეთესად გამოიყურებოდა. მესამე ლელოს წინ კი, სულაც სუპერ იერიში გამოუვიდათ. მეტოქეს მოედნოს ცენტრიდან შეუტიეს და რამდენიმე ოფლოუდით ჩათვლის მოედანს მიუახლოვდნენ. იქ კი, მასპინძლებმა მხოლოდ წესის დარღვევით შეძლეს შავი ლომის შეჩერება. საბოლოოდ, შერკინებიდან გამოტანილი ბურთი მგეზავმა გიორგი ბაბუნაშვილმა კარის ძელებს შორის დაამიწა. იქამდე პენზას თითო ლელო დავით გიგაურმა და შალვა მამუკაშვილმა მიითვალეს.
მეორე ტაიმის საწყისი 15 წუთი პენზელების იყო. საკმაოდ ხანგრძილი შეტევა 55-ე წუთზე მოილით ლელოთი დაასრულეს – 11:22. თუმცა, ამის მერე მატჩის ბოლომდე ლოკომოტივი მოედნის ჩვენს ნახევარზე აღარ გადმოსულა. დიდი სათამაშო უპირატესობის მიუხედავად, შავმა ლომმა მხოლოდ ერთი ლელოს გატანა შეძლო. ის შეცვლაზე შესული შერკინების კვაჭის გოგა ხუროშვილის ანგარიშზეა. საბოლოოდ ჩვენმა გუნდმა მეტოქე 27:11 დაამარცხა და ერთი საპრემიო ქულაც ირგუნა.
შავი ლომი-ლოკომოტივი 27:11
შავი ლომი: 15. ლაშა ხმალაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. მირიან მოდებაძე, 10. გიორგი ბაბუნაშვილი, 9. თენგიზ პერანიძე;
1.მიხეილ ორაგველიძე, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ნიკა პატარაია, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. დავით გიგაური, 6. ნიკო აფციაური, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი.
16.გოგა ხუროშვილი, 17. გოგა ქადარია, 18. გიორგი პერტაია, 19. მიხეილ ბაბუნაშვილი, 20. თორნიკე აქუბარდია, 21. ლუკა მატკავა, 22. ლაშა ლომიძე, 23. სანდრო თოდუა.
4ლ: გიგაური, მამუკაშვილი, ბაბუნაშვილი, ხუროშვილი. 2გ,ს: ბაბუნაშვილი
სინბინი: მამუკაშვილი