პეპ გვარდიოლა: თუ მხოლოდ ჰოლანდის იმედზე ვიქნებით, ჩემპიონთა ლიგას ვერ მოვიგებთ

დღეს, 6 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის მორიგი გათამაშება დაიწყება. ერთ-ერთ შეხვედრაში მანჩესტერ სიტი სევილიას ესტუმრება. მატჩის წინა პრესკონფერენციაზე ქალაქელთა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ თუ სიტი მხოლოდ ჰოლანდის იმედად იქნება, ტურნირს ვერ მოიგებენ.

“ყოველთვის მჯერა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეგვიძლია, თუმცა თუ მხოლოდ ჰოლანდის იმედად ვიქნებით, ტურნირს ვერ მოვიგებთ. შეგვიძლია კარგად ვითამაშოთ, მომენტები შევქმნათ, დავეხმაროთ ერლინგს გოლების გატანაში და იმედია თასს დავეუფლებით. 

ჰოლანდი შევიძინეთ, რადგან ცენტრ ფორვარდი არ გვყავდა. მიხარია, რომ ნორვეგიელი ჩვენს სტილს მოერგო. მესმის, რომ გულშემატკივართა უმეტესობა მხოლოდ ჰოლანდზე საუბრობს, თუმცა მის გარდა რამდენიმე ახალი მოთამაშე გვყავს და იმედია გუნდს კარგად შეეწყობიან. 

ჰოლანდს განსაკუთრებული თვისებები აქვს და შესაძლოა მნიშვნელოვან მატჩებში პრობლემების მოგვარებაში დაგვეხმაროს. მიუხედავად ამისა, განვმეორდები და ვიტყვი, რომ მხოლოდ მასზე ვერ ვიქნებით დამოკიდებული. თუ კარგად არ ვითამაშებთ, ვერც პრემიერლიგას მოვიგებთ და ვერც ჩემპიონთა ლიგას.” – განაცხადა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ ნორვეგიელი თავდამსხმელი სიტიმ ამ ზაფხულს დორტმუნდიდან გადაიბირა. ჰოლანდმა პრემიერლიგაში 6 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.

რაც შეეხება სიტის და ჩემპიონთა ლიგას, გუნდი G ჯგუფშია, სადაც მეტოქეებად სევილია, დორტმუნდი და კოპენჰაგენი ჰყავს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *