მე გიორგი მამარდაშვილის პირადი გულშემატკივარი ვარ. ხომ არსებობენ ასეთები? რასაკვირველია, ყველა ქართველ ფეხბურთელს მხარს ვუჭერ, გულით ვქომაგობ, წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ ტყუილი რატომ ვთქვა, ყველას ეგრეთწოდებული ფოლოვერი არ ვარ. ღმერთმა დაწყევლოს ეს ყურით მოთრეული სიტყვები. აქ, ფოლოვერში იმას კი არ ვგულისხმობ, რომ მამარდაშვილი რომელიმე სოციალურ ქსელში დავიმატე (ან მე დავემატე მას), არამედ იმას, რომ მისი ამბებით გამორჩევით ვინტერესდები. მის ამბებს მივსდევ. ინგლისური სიტყვა follow კომპიუტერამდელი მნიშვნელობით ვიხმარე.
ხდება ხოლმე, ნახავ ფეხბურთელის თამაშს, გამორჩევით მოგეწონება და მერე სულ გაინტერესებს რა ქნა. მე კარგა ხანია ვიცი, რომ გიორგი მამარდაშვილი კარგი მეკარეა და როდესაც გავიგე ვალენსიაში მიდისო, გამიხარდა. ეჭვმა კი გამკრა, მეოთხე მეკარედ ჩაფიქრებულს ესპანური ფეხბურთის ლაბირინთებში ჩაკარგვა არ ემუქრებოდეს, მეთქი, მაგრამ მოვლენები ისე განვითარდა, რომ ჩვენ, მამარდაშვილის ფოლოვერები უკეთესს ვერც ვინატრებდით.
მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი რამ: ლა ლიგის პირველ ტურში, ეს ჩვენი ვითომცდა მეოთხე მეკარე ძირითადი შემადგენლობის კარში აღმოჩნდა. ეს იყო დიდი შანსი, რომელიც გიორგის ბედმა მისცა და… მანაც გამოიყენა. შეხვედრაში, რომელშიც თავის გამოჩენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, იყოჩაღა. პირველი აკორდი ჩინებული გამოვიდა, დანარჩენი კი… დანარჩენი ისევ მასზე და ისევ ბედზეა დამოკიდებული, რომელიც დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემსავით მამარდაშვილის ფოლოვერია.
ნათქვამია, კარგ მთქმელს კარგი გამგონი უნდაო და მოდი, თქვენი ნებართვით, ზემოთ დაწერილს სხვა სიტყვებით გავიმეორებ. მე არ მითქვამს, რომ გიორგი მამარდაშვილმა ციდან ვარსკვლავები მოწყვიტა და რაიმე მწვერვალი დაიპყრო. მე არ მითქვამს, რომ მამარდაშვილმა ხეტაფესთან ისე ითამაშა, არავის არავისთან არასდროს რომ უთამაშია. მე არ მითქვამს, რომ ხეტაფე რეალი, ბარსელონა ან ატლეტიკოა. მე არ მითქვამს, რომ მამარდაშვილის ამ ერთი თამაშის გამო საქართველოში ფეისბუქი უნდა ჩამოიქცეს და საიტები უნდა დაიღუნოს. კატეგორიულად არ მითქვამს, რომ გიორგი მამარდაშვილმა ქართველი ერი გააბედნიერა — ოლიმპიადიდან ცოტა მეტი დრო მაინც იყოს გასული. მე უბრალოდ ვთქვი, რომ ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა, რომლის პირადი გულშემატკივარიც ვარ, ბედისგან ბოძებული პირველი შანსი კარგად გამოიყენა.
ცხადია, გიორგის ნაცნობებმა უკეთ იციან, მაგრამ გავბედავ და ჩემს შთაბეჭდილებასაც მოგახსენებთ. ვფიქრობ, მამარდაშვილი სერიოზული ადამიანია და კარგად იცის რას ნიშნავს ლა ლიგის გუნდში მოხვედრა. ამას საიდან მივხვდი? მწვრთნელს ძალიან ცოტა ხანში მოაწონა თავი. ნდობა დაიმსახურა. ესპანეთის უმაღლეს საფეხბურთო ლიგაში კი ნდობას მხოლოდ იმ შემთხვევაში იმსახურებენ, თუ ვარჯიშებზე ცხრა პირ ოფლს იდენენ, დარიგებას ითვისებენ, დღეს გუშინდელზე უკეთესები არიან. ისე არავინ დაგინდობს. ისე, არავის არავინ ჩირადაც არ უღირს. ეს ხომ პროფესიული სპორტის სამყაროა და ვის თუ არა ჩვენ, ქართველებს, კარგად მოგვეხსენება, როგორ იკარგებიან მის ლაბირინთში ნიჭიერი ფეხბურთელები.
დავით ყიფიანს ჰყვარებია თქმა, ვისაც დიდი ფეხბურთი უნდა ეთამაშა, ყველამ ითამაშაო. ეს იმას ნიშნავს, რომ ნიჭიერი იყო, მაგრამ ვარჯიში დაეზარა; ნიჭიერი იყო, მაგრამ დღედაღამ ქალებში სიარული ამჯობინა; ნიჭიერი იყო, მაგრამ პირველსავე დიდ ხელფასზე გაძღა; ნიჭიერი იყო, მაგრამ უბანმა ბნელი სადარბაზოსკენ გაიტყუა და ასეთები არ მუშაობს.
მანჩესტერ იუნაიტედის თანამშრომელი, რომელსაც დილით ქერინგტონის ბაზაზე მისვლა და საწვრთნელი ცენტრის სამუშაო დღისთვის მომზადება ევალებოდა, ყვებოდა, კრიშტიანუ რონალდუს ერთხელაც ვერ მივასწარი, ყოველთვის მოედანზე მხვდებოდა და ვარჯიშობდაო. რონალდუ მანჩესტერში 18 წლისა მივიდა.
ხოლო ლა ლიგა ის ლიგაა, რომელსაც სტანდარტები სწორედ ამ რონალდუმ, მესიმ, სუარესმა, ინიესტამ, ჩავიმ, რამოსმა, მოდრიჩმა და ასეთი დონის ვარსკვლავებმა დაუწესეს.
ამიტომაც სჭირდება გიორგი მამარდაშვილს ჩვენი და ბედის მხარდაჭერა, თანადგომა, ძმობა, მამობა, დედობა… თუმცა, უპირველეს ყოვლისა მისი წარმატება მისავე ხელშია.
ჰოდა, გიორგი, შენს საქმეს მისდიე. სოციალურ ქსელებს არ აჰყვე. ჩემი ბლოგიც არ წაიკითხო. ივარჯიშე, დაისვენე, რეჟიმი დაიცავი.
მე კი მოუთმენლად დაველოდები ვალენსიას მეორე თამაშს გრანადასთან, რადგან ვალენსიელთა მეკარე მამარდაშვილის პირადი გულშემატკივარი ვარ.