„იღებდნენ თუ არა ნაკრებში მოხვედრისთვის ქრთამს? დიახ. საბჭოთა კავშირშიც ხდებოდა. ანატოლი ბიშოვეცი აკეთებდა ამას. დარწმუნებული ვარ, სტანისლავ ჩერჩესოვიც აკეთებდა რუსეთის ნაკრებში. აგენტები უხდიდნენ. არ ვამბობ, რომ ამაში ყველა მწვრთნელია გარეული, მაგრამ ამაში არის სიმართლის მარცვალი“ – ეს ანდრეი კანჩელსკისმა თქვა რუსულ Youtube-ს არხზე, გენადი ორლოვთან ჩართვაში. საკმაოდ პოპულარული და საინტერესო გადაცემაა.
ასე შეაფასა რუსი კოკორინის ტრანსფერი ფიორენტინაში, სადაც ადრე თავადაც თამაშობდა: „კოკორინის გადასვლა ფიორენტინაში… ეტალონური მაქინაცია. რა უნდა მას ასეთ კლუბში? ეტყობა, იტალიური მაფია ისევ ფორმაშია“
კანჩელსკისი კარგი ფეხბურთელი იყო. მანჩესტერ იუნაიტედში, რეინჯერსში, ევერტონში თამაშობდა… ცნობილია პირდაპირობით.
სერ ალექს ფერგიუსონის მიგნება: 1991 წელს დონეცკის შახტიორიდან წაიყვანა 650 000 გირვანქად. 4 წლის განმავლობაში იყო წითელ ეშმაკებში, მეტწილად სასტარტოში. დევიდ ბექჰემამდე სწორედ ის იყო მანიუს მარჯვენა ნახევარმცველი.
კანჩელსკისი შოთა არველაძის თანაგუნდელი იყო რეინჯერსში, შარშანწინ კი უზბეკეთის ნოვბახორს წვრთნიდა და ესეც „უზბეკური“ ფოტოა… ისე კი, შოთას გაცილების მატჩზეც იყო თბილისში, 2008 წელს.