ავსტრიასთან მატჩში, სადაც იტალიას არაფერი გამოსდიოდა, მოედანზე 84-ე წუთზე ფედერიკო კიეზა გამოჩნდა.
გამოვიდა და გაიტანა! დამატებითი დროის მე-5 წუთი იყო, მარჯვენა ფლანგზე თავით ბურთი მიიღო, მარჯვენა ფეხით მცველი ოსტატურად მოატყუა, მარცხენათი ბურთი დაუშვებლად დაარტყა და ევრო2020-ის ერთერთი ულამაზესი გოლი შემოგვთავაზა.
ასე რომ, ფედერიკო და ენრიკო კიეზები პირველი მამა-შვილი არიან, ვინც ევროპის ჩემპიონატზე გოლი გაიტანეს.
თუ ფედერიკომ გოლი უემბლიზე გაიტანა, მამამისმაც ეს ინგლისში, 1996-ში, ჩეხეთთან, ენფილდზე მოახერხა. ამ გოლებს ერთმანეთს 9144 დღე აშორებთ.
ცოტა რამ, მათი ოჯახური ისტორიიდან
* ერთხელ, ფედერიკოს ჰკითხეს, მამისგან რას აიღებდა: “ორივე ფეხით გოლის გატანის უნარი. მას კოორდინაციის ფენომენალური უნარი ჰქონდა”. ავსტრიასთან ფედერიკომ როგორ გაიტანა? ერთი ფეხით მცველი მოატყუა, მეორეთი დაარტყა…
* ფედერიკო თავის თავზე მუდმივად მუშაობს და ამას რაციონალური ახსნა აქვს: ახალგაზრდობაში, ის თანატოლებს ჩამორჩებოდა. “ჩემი სხეული თამაშისთვის მზად არ იყო, ორი-სამი წელი ფიორენტინაში არაფერი გამომდიოდა. საკუთარ თავს ვუთხარი: “კარგი, მომავალ კვირას ვითამაშებ.” ამის შემდეგ, წინ მხოლოდ წინ ყურება ვისწავლე. როცა არ მათამაშებდნენ, ვარჯიშზე ბოლომდე ვთამაშობდი. სერია ა-ში სწორედ ამ მუხტმა მომიყვანა, რომელიც გაჩერების საშუალებას არ მაძლევს. მხოლოდ ვარჯიშზე, რეჟიმსა და დიეტაზე ვფიქრობ”
* “ლა გაზეტა დელო სპორტთან” ინტერვიუში, ენრიკომ სახალისო ისტორია გაიხსენა: “ქუჩაში ბიჭებმა ჩემი შვილის ავტოგრაფი მთხოვეს. შემამჩნიეს და მკითხეს: “შენ ფედერიკოს მამა ხარ? ავტოგრაფი შეიძლება?” სერია ა-ში ჩემი 138 გოლი დამავიწყდა, როგორც თასების თასზე, უეფას თასზე და იტალიის თასზე გატანილი გოლები. საერთოდ არ მიეჭვიანია, ჩემი შვილით მხოლოდ ვამაყობდი. გული უფრო სწრაფად მიცემს, როდესაც მის პროგრესს ვხედავ”
* ფედერიკოს მშობლები ფეხბურთის თამაშს არ აძალებდნენ. საპირისპიროდ, მამამისმა შვილი ფლორენციის საერთაშორისო სკოლაში გაგზავნა, სადაც განათლებას ფედერიკო ინგლისურად იღებდა. “მეცნიერება მიყვარს,” – თქვა ერთხელ ფედერიკომ – “ფეხბურთელი რომ არ გამოვსულიყავი, ფიზიკოსი ვიქნებოდი. სამყაროს შეცნობა ჩემი მთავარი გატაცებაა”
* 2021 წლის მარტში, ფედერიკო და ენრიკო პირველი იტალიელი მამა-შვილი გახდნენ, ვინც ლიგაზე გაიტანეს.
* ფედერიკო დარწმუნებულია: “ფეხბურთელები ორ კატეგორიად იყოფიან: ერთ ნაწილს წნეხის გარეშე თამაში უფრო გამოსდის, მეორე ნაწილს – პირიქით. მე მეორე ჯგუფს მივეკუთნები. ოჯახმა მასწავლა მიწაზე მყარად როგორ ვიდგე. ფოკუსირებული, ყოველთვის პროგრესზე ორიენტირებული – ეს მამაჩემის გაკვეთილია.
მშობლებმა მასწავლეს, რომ ეს სამყარო ბრჭყვიალა მახეებითაა სავსე. თუ აქამდე მოვედი, გამოდის, რომ ოჯახმა სწორად გამზარდა”