იტალიის სერია ა-ს მე-16 ტურში, ინტერმა ნაპოლი მიიღო. გარდა იმისა, რომ ერთმანეთს დიდი გუნდები შეხვდნენ, სატურნირო ცხრილი მოედანზე უშეღავათო ბრძოლას გვპირდებოდა. ამ შეხვედრამდე, ნაპოლი, ტოპ 5 ლიგაში, ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდი იყო, ინტერი კი ლიგის საგზურისთვის (ამ გამარჯვების შემდეგ, შეიძლება ჩემპიონობისთვისაც…) იბრძვის.
დიახ, ინტერმა მოიგო და მოიგო დამსახურებულად. სიმონე ინძაგის გუნდი მთელი მატჩის განმავლობაში უპირატესობას ფლობდა – მეტოქის კართან მომენტებს ქმნიდა, საკუთართან კი დაცვის ეშალონები ისე აღემართა, რომელსაც ვერც კვარაცხელიამ და ვერც რომელიმე სხვა შემტევმა ძვრა ვერ უყო.
მატჩის ერთადერთი გოლი, თავური დარტყმით, 56-ე წუთზე, ედინ ჯეკომ გაიტანა. ვეტერანი ბოსნიელი შესანიშნავ ფორმაშია და, ამ სეზონში, ეს მისი მეშვიდე გოლი იყო.
რაც შეეხება კვარაცხელიას თამაშს, ის სუსტი მატჩების კალათაში მოხვდება და არა – ძლიერის. ინძაგიმ ქართველს გალია დაახვედრა, რომლიდანაც ხვიჩამ თავის დახსნა ვერ მოახერხა…
ის, ელმასით, 76-ე წუთზე შეცვალეს.
ინტერი 1:0 ნაპოლი
56′ – ჯეკო