მსოფლიო რეიტინგის ყოფილი პირველი ჩოგანი – კაროლინა პლიშკოვა აგრძელებს წარმატებულ ასპარეზობას ავსტრალიის ღია პირველობაზე.
მეოთხე რაუნდის მატჩში, ჩეხმა სპორტსმენმა 55 წუთში 6:0 6:4 გაანადგურა ჩჟენ შუაია და 1/4 ფინალის საგზური მოიპოვა.
შეხვედრაში ბრძოლა ფაქტიურად არ ყოფილა – კაროლინა პირველიდან ბოლო წუთამდე დომინირებდა კორტზე და ერთხელაც არ დაუყენებია ეჭვქვეშ საკუთარი უპირატესობა.
პლიშკოვას სტარტი იდეალური გამოუვიდა – შესანიშნავად აწვდიდა და მიღებაზეც შეუჩერებელი გახლდათ. ჩეხმა ზედიზედ 6 გეიმი მოიგო და 22 წუთში სეტი “გაიფორმა” 6:0.
მეორე პარტიის სტარტზე ჩინელი ჩოგბურთელი გამოფხიზლდა და 4:2 დაწინაურდა. თითქოს მატჩში მცირე ინტრიგა გაჩნდა, თუმცა კაროლინამ სასწრაფოდ შეასრულა “ქამბექი” – ზედიზედ 4 გეიმი მოიგო და მასთან ერთად მატჩიც – 6:0 6:4.
კაროლინამ მატჩის მიმდინარეობისას 33 ვინერსი შეასრულა და მხოლოდ 13 უნებლიე შეცდომა დაუშვა.
პლიშკოვა კარიერაში მეთერთმეტედ გავიდა დიდი სლემის ტურნირების 1/4 ფინალში.
კაროლინა ავსტრალიის ღია პირველობის 1/4 ფინალში მეოთხედ იასპარეზებს(პირველად 2019 წლის შემდეგ).
ავსტრალიის ღია პირველობის 1/4 ფინალური წყვილები (ქალთა ერთეულთა თანრიგი):
რიბაკინა – ოსტაპენკო
პეგულია – აზარენკა
პლიშკოვა – ლინეტი
საბალენკა – ვეკიჩი