პოგბას დაბრუნება უნდა – ფრანგი მზად არის ხელფასი შეიმციროს

პოლ პოგბა ზამთარში იუვენტუსთან წინასწარი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს. La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ფრანგს იმდენად სურს იუვენტუსში დაბრუნება, მზად არის ხელფასი მნიშვნელოვნად შეიმციროს.

ბოლო დროს აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ 28 წლის ფეხბურთელით რეალი და იუვენტუსი არიან დაინტერესებულები. როგორც უკვე გითხარით, თავად პოგბას იუვეში დაბრუნება სურს, სადაც 2012-16 წლებში კარიერის საუკეთესო პერიოდი გაატარა.

პოგბას მანჩესტერში კარგი დრო არ უდგას. იგი ძალიან შორსაა ოპტიმალური ფორმისგან და ხშირად კრიტიკის ობიექტიცაა ხოლმე. პოგბამ ამ სეზონში 13 მატჩი ჩაატარა, 7 საგოლე გადაცემა გააკეთა და ჯერ-ჯერობით უგოლოდაა.

პოგბას დაბრუნება თავის მხრივ იუვენტუსსაც უნდა აწყობდეს, რადგან გუნდში რთული სიტუაციაა. ტურინელები სერია ა-ში 15 ქულით მე-9 ადგილზე არიან.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *