პოსტაპოკალიფსური მოგონება

ერთი ამბის მოყოლა მინდა. რატომ მოვყევი ბოლოს გეტყვით. თარიღიც ზუსტად მახსოვს და თამაშიც. 2003 წლის 12 ოქტომბერს ეროვნული ლიგა 2-ის მე-9 ტურის მატჩში ზესტაფონი ამერს მასპინძლობდა.

სტადიონზე გახლდით. ტრიბუნაზე სულ თხუთმეტი-ოცი კაცი ვიქნებოდით. მათგან, დაახლოებით ნახევარი თბილისიდან ამერს იყო ჩამოყოლილი.

FC Zestafoni - 10 years in 19 minutes - MYVIDEO

სტადიონი მიტოვებულ ტერიტორიას ჰგავდა, პოსტაპოკალიფსურ ფილმებში რომ არის. გასახდელებში წყალი არ მოდიოდა. შესვენებისას გუნდებმა მოედანზევე დაისვენეს. ზესტაფონის (მაშინ ოფიციალურად ალბათ მეტალურგი ერქვა) ბიჭები ცალ მხარეს მიეყარნენ, ამერის ბიჭები — მეორე მხარეს. თუ მოინდომებდი გაიგონებდი მწვრთნელები ფეხბურთელებს რას ეუბნებოდნენ. მერე, ამერელებისგან გავიგე, გარეთ იმიტომ დავრჩით, რომ შიგნით საშინელი სუნი იდგაო.

საპირფარეშოში ჩავედი. აქ განსაკუთრებული სუნი არ იგრძნობოდა — ამ მხრივ ჩვეულებრივი, საშუალო-ქართული საზოგადოებრივი ტუალეტი იყო — მაგრამ ისე ბნელოდა, თვალთან თითს ვერ მიიტანდი. ონკანებს წყალი გასდიოდა და ნიჟარების წინ დიდი გუბე იდგა. ფეხი წამოვკარი რაღაცას. კინაღამ იმ გუბეში მოვადინე ზღართანი. გადავრჩი.

ტრიბუნაზე ქუთაისელი კაცი გავიცანი. ქუთაისელი კაცი მეორე ლიგის თამაშზე ზესტაფონში რამ ჩამოგიყვანა, მეთქი. ფეხბურთელის მამა ვარო. თავისი ვაჟის ისტორია მიამბო. ისტორია არ დამამახსოვრდა, მაგრამ ყურადღება მივაქციე, რომ მთელი რიგი მიზეზების გამო უგუნდოდ დარჩენილი ბიჭი მამას ბოლოს ზესტაფონში მიუყვანია, სადაც უთქვამთ, ხელფასს ვერ მივცემთ და ისე კი ბატონო, მოვიდეს და ითამაშოსო. და ისიც თამაშობდა. ძირითად შემადგენლობაში(!) იყო. ყოველ ტურში მამას ქუთაისიდან მანქანით მოჰყავდა და მიჰყავდა.

ამერმა 5:0 მოიგო.

კიდევ, დიდების კუთხე მახსოვს. კედელზე წარსული დროების გამოჩენილი ზესტაფონელი ფეხბურთელების ფოტოები იყო მიკრული. შავ-თეთრი სურათებიდან ძველი მეტალურგის მოთამაშეები იყურებოდნენ. შევჩერდი და დავათვალიერე. ძველი ამბების სურნელი და მგონი საყვედური იგრძნობოდა. ის სახეები ამ გატყავებულ გარემოს არ იმსახურებდნენ.

 

ზესტაფონი" ჩემპიონატში ჭაბუკებით ბრუნდება - ჯერ 17-წლამდელებში, რა იქნება  შემდეგ? - სპორტული პორტალი

მეტალურგის მერე ზესტაფონში იყო მარგვეთი, რომელიც საქართველოს ჩემპიონატში მეორე ადგილზე გავიდა და უეფას თასზე ითამაშა. მახსოვს იმ შეხვედრების ემოცია და მუხტი. გამოუცდელობაც მახსოვს… მაშინ, 2003-ში მარგვეთის ამბავი  ჯერ კიდევ „გუშინდელი“ იყო და გაძვალტყავებული სტადიონის და გუნდის შემყურეს გული მწყდებოდა.

შემდეგ წელიწადს კი ზესტაფონში ილია კოკაია მივიდა. მან ჩაიბარა აი ის, რაც ამ მოკლე ბლოგში აღვწერე და გააკეთა ის რაც ყველამ კარგად ვიცით.

ზემოთ დაგპირდით, რომ ბოლოს ვიტყოდი რატომ მოვიგონე ზესტაფონის და ამერის ეს ოდინდელი, მნიშვნელობადაკარგული თამაში, მაგრამ მგონი მეტის თქმა აღარ არის საჭირო. აკი დავწერე, 2004 წელს ზესტაფონში ილია კოკაია  მივიდა, მეთქი.

 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *