პროფესორი მინდორზე! დიდი კაპიტანი დიდი იუმორით…

 

ლონდონი, აპტონ პარკის გუგუნი, ვესტ ჰემის შეტევები… ამ დროს თბილისის დინამოს 3 ნომერი, კაპიტანი და ლიდერი ისეთ რამეს აკეთებს, რომ დღეს ტყუილად ნუ დაძებნით თანამედროვე ცენტრალურ მცველებში – ვერ ნახავთ.

დღეს ასეთ რამეს საყრდენები თუ აკეთებენ და ისიც ერთეულები. უბრალოდ, დღეს ასე აღარ თამაშობენ, ამხელა ტვირთს არ იღებენ საკუთარ თავზე.

სხვა ეპოქა და სხვა ფეხბურთი იყო. მაშინ უფრო რისკიანად თამაშობდნენ ცენტრალური მცველები.

ალექსანდრე ჩივაძე 67 წლის გახდა. ვულოცავთ!

ის იმდენად დიდი იყო, რომ ფეხბურთელობის მცნებას სცდებოდა. 2012 წელს ესპანურმა El Pais-მაც დაწერა ამბავი. ჩივაძე დავით ყიფიანის საფლავზე ავიდა, ჭიქა წაუქცია და ტირილით მოჰყვა: „ეჰ, ყიფო, სად წახვედი, ვის ხელში დამტოვე?!“.

ავტორიტეტი, უშუალობა, იუმორი – ეს თვისებები განსაკუთრებით სჭარბობს ჩივაძეში და ყოფილა შემთხვევები, მას რამე უხეშადაც უთქვამს, მაგრამ თუ ოდნავ მაინც გაქვს იუმორის გრძნობა, წარმოუდგენელია, რომ გეწყინოს.

გია გურული მოგვიყვა: „ნაკრებს ისრაელში გვაქვს თამაში. ვერ დავიწყე კარგად. ორჯერ დავკარგე ბურთი. ჩივაძე მეძახის, აქეთ გამოიხედეო. გავიხედე, მეუბნება: აი, ბურთს რომ მიიღებ, ერთხელ იმათ მიეცი, მეორედ ჩვენებს, მესამედ ისევ იმათ, მეოთხედ ისევ ჩვენებს“.

და საბჭოთა კავშირის დროს ყველაზე გამტანი მცველი ვინ იყო? ალექსანდრე ჩივაძე. იყო და დარჩა ისტორიაში, რადგან საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს და რეკორდს ვერავინ მოუხსნის. მართალია, კარიერაში თავიდან ნახევარმცველი იყო, მაგრამ ესეც დიდი საქმეა.

ჯამში 60 გოლი… საბჭოეთის ჩემპიონატების 324 მატჩში 44-ჯერ გაიტანა. თასზე 37 თამაშში 7-ჯერ, საბჭოეთის ნაკრებში კი ასეთი სტატისტიკა აქვს – 46 თამაში, 3 გოლი (თურქეთთან, შოტლანდიასთან, ბულგარეთთან), პლუს 6 გოლი ევროთასებზე: კოპენჰაგენთან, უოტერფორდთან, ორჯერ ლივერპულთან, ვესტ ჰემთან, სოფიის ლოკომოტივთან. აქ ამხანაგურები არ ითვლება…

Leave a comment

Your email address will not be published.