სინგაპურში გამართულ UFC 275-ზე, დიდი ალბათობით, წლის საუკეთესო ორთაბრძოლა ვიხილეთ. ქვემძიმე წონის ოქროსთვის ერთმანეთს მოქმედი ჩემპიონი, 42 წლის გლოვერ ტეიშეირა და ახალგაზრდა ჩეხი კონტენდერი, ირი პროჰასკა დაუპირისპირდნენ. ბრძოლა თავიდანვე მაღალ ტემპში დაიწყო და მთელი 5 რაუნდის მანძილზე არც დავარდნილა. დაპირისპირება საოცრად გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა – ბრძოლის დასრულების შანსი არაერთხელ ჰქონდა როგორც ტეიშეირას, ასევე პროჰასკას. თუმცა საბოლოოდ ფინიში პროჰასკამ იპოვა – ბრძოლის ბოლო წამებზე მან მახრჩობელა ილეთით ჩემპიონს ქამარი წაართვა.
ბრაზილიელი ვეტერანის კოზირი პარტერი იყო, დგომში კი ირი უპირატესობას ფლობდა – პარადოქსულს ბრძოლის დასასრულს სწორედ ეს გარემოება ხდის – არავინ ელოდა ირისგან საბმიშენით გამარჯვებას, მითუმეტეს, რომ გლოვერს ამ გზით არასდროს წაუგია. პროჰასკა პირველი ჩეხი ჩემპიონი გახდა UFC-ს ისტორიაში. ტეიშეირამ უკვე გამოთქვა რემატჩის სურვილი, ირისთან ბრძოლა ყოფილ ჩემპიონს, იან ბლაჰოვიჩსაც უნდა.