პსჟ-ის ვარსკვლავებმა, ლიონელ მესიმ და ნეიმარმა, შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას ფრანგული კლუბი დატოვონ.
წყაროს ცნობით, ნეიმართან დაკავშირებით პსჟ-ის ხელმძღვანელობამ საბოლოო არჩევანი უკვე გააკეთა. მიზეზები: ბრაზილიელს პარიზელთა კიდევ ერთ ლიდერთან, კილიან მბაპესთან დაეძაბა ურთიერთობა. მასთან განშორების სურვილი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ფეხბურთელის სუსტმა თამაშმაც განაპირობა. ასევე იმ კრიტიკამ, რომელიც ნეიმარმა თანაგუნდელებს მონაკოსთან მატჩისას (1:3) დაატეხა თავს.
უცნობია, თავად თავდამსხმელს თუ სურს კლუბის დატოვება და გამოჩნდებიან თუ არა მისი შეძენის მსურველები, ძირითადად მაღალი ხელფასის გამო.
მესი არ ჩქარობს პსჟ-სთან კონტრაქტის განახლებას, რომელიც 2023 წლის ივნისში ეწურება. კლუბის ხელმძღვანელობა არგენტინელთან მუდმივ კონტაქტშია, თუმცა კარიერის პარიზში გაგრძელებას მხოლოდ ერთ-ერთ ვარიანტად მიიჩნევს. მესის მომავალი პსჟ-ში გუნდის მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებით თამაშზეა დამოკიდებული.