დღეს, 28 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის 8 მატჩი გაიმართა. ცენტრალურ შეხვედრას პარკ დე პრანსმა უმასპინძლა, სადაც პსჟ-მ მანჩესტერ სიტი მიიღო და 2:0 დაამარცხა.
მატჩი მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და ანგარიში მე-8 წუთზე გაიხსნა. მარჯვენა ფლანგიდან ნეიმარის დაბალი ჩაწოდებიდ შემდეგ, მცველებმა ბურთი ვერ გამოიტანეს, რითიც გაიემ ისარგებლა და ძლიერი დარტყმით შეაგდო.
პირველმა ტაიმმა ძირითადად პარიზელთა უპირატესობით ჩაიარა, თუმცა უსაქმოდ არც ქალაქელები იყვნენ. გვარდიოლას შეგირდებმა რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს, მოწოდების სიმაღლეზე იყო ჯიჯი დონარუმა, რომელმაც არაჩვეულებრივი სეივები შემოგვთავაზა. სათქმელია, რომ დონარუმამ ჩემპიონთა ლიგაში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა.
პირველ ტაიმში 100%-იანი საგოლე შანსი ჰქონდა ბერნარდო სილვას, თუმცა პორტუგალიელმა ახლო მანძილიდან ცარიელ კარში ვერ შეაგდო. ისიც სათქმელია, რომ მსაჯს კევინ დე ბრუინისთვის წითელი ბარათის ჩვენება შეეძლო, როცა ბელგიელმა გაიეს წინააღმდეგ იუხეშა, თუმცა რეფერი ყვითელს დასჯერდა.
მეორე ნახევარი კვლავ პარიზელთა უპირატესობით წარიმართა და 78-ე წუთზე ვნახეთ ის, რასაც ფეხბურთის გულშემატკივრები დიდხანს ველოდით, ლეო მესიმ პსჟ-ში სადებიუტო გოლი გაიტანა, თანაც შესანიშნავი დარტმით.
ასე და ამ გვარად პსჟ-მ მანჩესტერ სიტი დაამარცხა. ფრანგები შემდეგ ტურში ლაიფციგს შეხვდებიან, გვარდიოლას შეგირდები კი ბრიუგეს.
დანარჩენი მატჩებიდან ყველაზე დიდი სენსაცია მადრიდში დაფიქსირდა, სადაც რეალი შერიფთან 1:2 დამარცხდა. ასევე 1:2 დასრულდა ლაიფციგის და ბრიუგეს დაპირისპირება, აიაქსმა ბეშიქთაშს უმასპინძლა და 2:0 გაიმარჯვა, დორტმუნდმა სპორტინგს შინ მინიმალური სხვაობით 1:0 მოუგო, ატლეტიკომ მილანი სან სიროზე ქამბექით 2:1 დაამარცხა, ლივერპულმა სტუმრად პორტუ 5:1 გაანადგურა, უგოლო ფრე ვიხილეთ შახტარი – ინტერის დაპირისპირებაში.