ჟოზე მოურინიო: თამაში მსაჯმა და VAR-მა გააფუჭა

სერია ა-ს ტურის ცენტრალური მატჩი სტადიო ოლიმპიკოზე გაიმართა, სადაც რომაულ დერბიში ერთმანეთს რომა და ლაციო შეხვდნენ. მატჩი ლაციოს სასარგებლოდ 3:2 დასრულდა. აღნიშნული შეხვედრა პრესკონფერენციაზე ჟოზე მოურინიომ შეაფასა.

“ის რაც მატჩის შემდეგ ფეხბურთელებთან მოედანზე ვისაუბრე, სამუდამოდ ჩვენ შორის დარჩება. მინდოდა ყველაფერი იქვე მეთქვა და არა გასახდელში.

სასიხარულოა, რომ იტალიური ფეხბურთი ბოლო 10 წლის განმავლობაში განვითარდა. უფრო მეტია შეტევა, ბრძოლა და გამარჯვებისკენ სწრაფვა. რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, ფანტასტიკური თამაში იყო, რომელიც სამწუხაროდ მსაჯმა და VAR-მა გააფუჭა.

ვფიქრობ ჩემი გუნდი საუკეთესო იყო და მოგებას იმსახურებდა. როცა პენალტი უნდა დანიშნულიყო და ანგარიში 1:1 გამხდარიყო, მსაჯის სასტვენი დუმდა, კონტრშეტევა მივიღეთ და 2:0 გახდა. მსაჯს ლუკას ლეივასთვის წითელი ბარათი უნდა ეჩვენებინა, რაც ჩვენი უპირატესობა იქნებოდა.

მილინკოვიჩ-სავიჩს მოედნის ცენტრში დიდი სივრცე მივეცით. მას ბევრი კარგი თვისება აქვს და სივრცეები მშვენივრად აითვისა.”-განაცხადა მოურინიომ.

სერია ა-ს მიმდინარე გათამაშებაში რომა 12 ქულით მე-4 ადგილზეა და შემდეგ ტურში ემპოლის შეხვდება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *