არ მინდა ცუდად გამომივიდეს, მაგრამ ჩისკო გინდა თბილისში ამუშავე, გინდა ინგლისში, ჩისკო ჩისკოა. ოღონდ ნუ იფიქრებთ, რომ ვიხუმრე. ამ სიტყვებს სეროზულად, სრული პასუხისმგებლობით ვწერ: ჩისკო ჩისკოა! აქაც და იქაც ერთი და იგივე ადამიანია, ერთი და იმავე გარეგნობით, ერთი და იმავე ხასიათით. არც აქ არის ქართველი და არც იქ ინგლისელი — ყველგან ესპანელია.
ვერც თავანკარა ქართულს ლაპარაკობს და ვერც თავანკარა ინგლისურს. ფეხბურთი როგორც თბილისში იცოდა, ისე იცის უოტფორდშიც. როგორც თბილისში ასწავლიდა ფეხბურთელებს ამა და ამ შემთხვევაში ასე და ასე მოიქეცითო, ისე ასწავლის ბრიტანეთშიც, მაგრამ ვაგლახ, მის აქაურ გუნდს საქმე ისე წაუვიდა, რომ ბოლოს ფარერების კლასვიკთან 1:6 დამარცხდა, იქაურმა კი გასულ სეზონში პრემიერლიგის საგზური მოიპოვა და ახლაც რა უჭირს, ინგლისის საუკეთესო გუნდებთან იბრძვის და ჭიდაობს.
კლასვიკთან თბილისის დინამოს წაგების დავიწყება მართლა ძნელია, ალბათ შეუძლებელიც, მაგრამ ეს მწარედ მოსაგონარი ამბავი ამჯერად გულში ჩარჩენილმა სიმწარემ კი არა, ტოტენჰემის და უოტფორდის იმდღევანდელმა თამაშმა გამახსენა. კვირა იყო, ტელევიზორს ჩავუჯექი და უბრალოდ გული დამწყდა. მიზეზი: ჩისკო ყველგან ჩისკოა შედეგი კი სხვადასხვაა. კი, წააგო მისმა გუნდმა, მაგრამ განა კლასვიკთან 1:6, არამედ ტოტენჰემთან და ისიც მეკარის უხეში შეცდომის გამო. არადა, სფურზი სონებით და კეინებით იყო მოედანზე.
ჰოდა რა ხდება, გამაგებინებთ? ფეხბურთელებია პრობლემა? რომ გითხრათ, უოტფორდს ისეთი მოთამაშეები ჰყავს, თბილისის დინამოს რომ არ დასიზმრებიაო, ტყუილი იქნება. გადახედეთ საქართველოს ნაკრების შემადგენლობას თავისი კვარაცხელიათი, ჩაკვეტაძით, სხვებით და ნახავთ, რომ აბსოლუტური უმრავლესობა დინამოშია ნათამაშები. ეგეც თქვენი თბილისის დინამოს თეორიული შემადგენლობა.
აბა, ისინი უფრო მომზადებულები არიან? კი მაგრამ, დინამოსაც იგივე ჩისკო არ ამზადებდა? ერთი და იმავე ვარჯიშებით ესენი ვერ მოემზადნენ და ისინი მოემზადნენ?
ინფრასტრუქტურის ამბავია? ეჭვი არ მეპარება, რომ ინგლისში მოედანი და ბაზა უფრო მოედნობს და ბაზობს, მაგრამ უოტფორდს აქაურ სოფლის გუნდს ხომ არ ვადარებთ. დინამოზეა ლაპარაკი. დინამოს კი საერთო აღიარებით, ბავშვთა აკადემია სანაქებო აქვს და არც საწვრთნელი ცენტრი უნდა ენგრეოდეს თავზე. ბურთებიც აქვს, ბუცებიც… ჩისკოც, როგორც შევთანხმდით, ყველგან ჩისკოა.
ითქვა, ყველაფერი ხელფასების გამო ხდებაო. ანუ, რა გამოდის, სანამ ინგლისურ ხელფასებს არ გადაუხდიან ჩვენი ბიჭები კლასვიკებთან წააგებენ და წააგებენ? ცოცხალი თავით არ მოინდომებენ ისე, როგორც ინგლისელები ინდომებენ? თანამედროვე ფეხბურთის თამაშს არ ისწავლიან? ასეთი რაღაცის არ მჯერა. მე პირიქით მგონია, რომ ყველას უნდა კარგად თამაში იცოდეს და ბარსელონამ წაიყვანოს. შეხედეთ გიორგი მამარდაშვილს. ბიჭი საქართველოს ჩემპიონატიდან მოხვდა ვალენსიაში. არ უთქვამს სანამ საქართველოში ესპანური ხელფასები არ იქნება, ბურთს არ მოვიგერიებო.
მაშ, რჩება ორი რამ. ერთი, ის რომ ის უოტფორდი უფრო კონკურენტულ გარემოში ცხოვრობს ანუ მისი ყოველი თამაში მართლა თამაშია, სწრაფი სირბილით, მაღალი ინტენსივობით, პრესინგით და ასე შემდეგ და მეორე — იქ, შემადგენლობას რომ შეკრებენ, მერე გუნდად ჩამოყალიბებას აცლიან.
თუ ესეც არ არის მიზეზი, მაშინ ისღა დაგვრჩენია ცხვარი დავკლათ ხშირ-ხშირად.
თუმცა, მაინც ვფიქრობ, რომ სწორი მუშაობის პირობებში ქართველებსაც შეგვიძლია გვყავდეს ერთი-ორი ისეთი გუნდი პრემიერლიგის მე-12 ადგილზე მყოფი უოტფორდის დონეზე მაინც რომ ითამაშებს; ტოტენჰემს ვაჟკაცურად რომ დაუდგება. მითუმეტეს, რომ მგონი შევთანხმდით: ჩისკო ყველგან ჩისკოა, ბურთი ყველგან ბურთია, კარი ყველგან კარია და ასე შემდეგ. მიდი და ითამაშე.
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში გასული ტირასპოლის შერიფის მაგალითით აქ აღარ შეგაწუხებთ.
და ბოლოს, ნაკრებზე, რომელიც ზემოთ ვახსენეთ. ის კოსოვოსთან თამაშობს. გულწრფელად გეტყვით, ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენს ბიჭებს კოსოვოსთან კი არა, უფრო ძლიერ გუნდებთანაც შეუძლიათ გამარჯვება. მთავარი გული და ჭკუაა. და როგორც შევამჩნიე, მე კი არა, თვით ვილი სანიოლსაც ასე სჯერა.
სანიოლი კი საფრანგეთშიც სანიოლია და საქართველოშიც.