კვირას, გერმანელი რალფ რანგნიკის ხელმძღვანელობით მანჩესტერ იუნაიტედმა პირველი თამაში მოიგო. ეს პრემიერლიგის მე-15 ტურის მატჩში მოხდა კრისტალ პალასის წინააღმდეგ (1:0).
რანგნიკი სულ რამდენიმე დღეა მანჩესტერშია, თუმცა უკვე მთავარ პერსონად გადაიქცა: ადგილობრივებს სჯერათ, რომ სწორედ გერმანელი სპეციალისტი გახდება ის ადამიანი, რომელიც მანკუნიანელებს მწვერვალზე დააბრუნებს.
ლივერპულის ქომაგებისვის ეს არცთუ სასიამოვნო ამბავია, თუმცა ისინი მაინც მადლობელნი უნდა იყვნენ რანგნიკისა, რომელმაც თავის დროზე სამწვრთნელო ასპარეზზე გზა გაუხსნა იურგენ კლოპს.
ეს ორი ათეული წლის წინათ მოხდა.
2001 წელს რანგნიკი უკვე ცნობილი სპეციალისტი იყო, კლოპი კი მხოლოდ იწყებდა სამწვრთნელო კარიერას მაინცში. ამ უკანასკნელს მაშინ აგენტიც არ ჰყავდა და წარმოდგენა არ ჰქონდა, რამდენი უნდა მოეთხოვა ხელფასი. აიღო ყურმილი და რანგნიკს დაურეკა. რანგნიკმა ის დააკვალიანა და ისეთი კონტრაქტი გააფორმებინა, რომელმაც კლოპის წარმატებული დებიუტი განაპირობა და საბოლოოდ ის ენფილდამდე მიიყვანა.
მანჩესტერში ჩასვლისას რანგნიკს უთხრეს, რომ მისი გუნდის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი სწორედ კლოპის ლივერპულია. ეს ისტორიაც მაშინ გაიხსენა.
„იურგენს 1997 წლიდან ვიცნობ. მისი მწვრთნელი არ ვყოფილვარ. მასთან ვოლფგანგ ფრანკი მუშაობდა. თუმცა ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა და კავშირს დღემდე ვინარჩუნებთ. მახსოვს, მაინცში დანიშვნამდე დამირეკა და მკითხა, რადენი უნდა მოეთხოვა ხელფასი. აგენტი არ ჰყავდა და რჩევები მივეცი. გარკვეულწილად მისი აგენტიც გავხდი. ვფიქრობ, ჩემი რჩევებით კლოპმა მიიღო ის, რასაც იმსახურებდა,“ – ყვება 63 წლის რანგნიკი.
გამორიცხული არ არის, ახლა უკვე კლოპს მიეცა თავისი მასწავლებლისთვის გარკვეული რჩევები პრემიერლიგის შესახებ.
კლოპმა აღნიშნა, რომ რანგნიკის გამოჩენა ცუდი სიახლეა პრემიერლიგის კლუბებისთვის. ის ჩინებული სპეციალისტია და აუცილებლად გამოიყვანს იუნაიტედს კრიზისიდან.
თუმცა რანგნიკი გერმანელია, ილუზიები ნაკლები აქვს, პრაგმატულად აზროვნებს და სასწაულების არ სჯერა.
„ახლახან იუნაიტედმა ლივერპულთან შინ 0:5 წააგო და სტუმრები უფრო თანმიმდევრულნი რომ ყოფილიყვნენ, ანგარიში გაცილებით დიდი იქნებოდა. მანამდე სიტისთან დამარცხდნენ… ამიტომ, დღეს საუბარი იმაზე, რომ უახლოეს კვირებში ან თვეებში პრემიერლიგის მწვრთნელებს სათანადო კონკურენციას გავუწევ, არარეალურია,- აგრძელებს რანგნიკი, – კრისტალ პალასს ვძლიეთ. ახლა მხოლოდ იანგ ბოიზზე, ნორვიჩსა და ბრენტფორდზე ვფიქრობ, რომლებთანაც უახლოესი შეხვედრები გველის.
ჩელსისთან, ლივერპულთან და მანჩესტერ სიტისთან მატჩები გაისად მარტ-აპრილში გვიწევს, სწორედ მაშინ გიპასუხებთ, შევძლებ თუ არა ლიგის მოწინავე სპეციალისტებს კონკურენცია გავუწიო.“
კლოპი ერთადერთი ადამიანი არ არის პრემიერლიგაში, ვისაც რანგნიკის „ვალი“ აქვს. ჩელსის ახლადელი დამრიგებელი, ტომას ტუხელი მის ულმში თამაშობდა, მანამ, სანამ მუხლის მძიმე ტავმამ მოთამაშის კარიერა არ დაასრულებინა.
მერე რანგნიკი შტუტგარტში წავიდა და ტუხელს ულმის 15-წლამდელთა გუნდი ჩააბარა, საიდანაც კიდევ ერთი შესანიშნავი სპეციალისტის სამწვრთნელო კარიერა დაიწყო.
რა გამოუვა მანჩესტერში ამას მალე ვნახავთ. ისე, რანგნიკს რომ პატარა სასწაულების მოხდენა შეუძლია, არაერთხელ დაუმტკიცებია.
„როცა ულმში მივედი, გუნდი მესამე დივიზიონში იყო. ორი წლის განმავლობაში ორი ლიგით დავწინაურდით და სტადიონზე დასწრებაც არნახულად გავზარდეთ. იგივე მოხდა ჰანოვერშიც, შემდეგ კი პატარა ჰოფენჰაიმში, სადაც სულ 3 ათასი მაცხოვრებელია. იქაც ორ წელიწადში რეგიონალრი ლიგიდან ბუნდესლიგაში დავწინაურდით და ერთ ხანს გერმანიის უმაღლესი ლიგის ცხრილსაც ვლიდერობდით. ლაიფციგში კი მეოთხე დივიზიონიდან ჩემპიონთა ლიგამდე გზა გავიარეთ.
მანჩესტერი ყველაზე დიდი კლუბია, სადაც კი მიმუშავია. 75 ათასი მაყურებლის წინაშე თამაში კი რთული, მაგრამ სასიამოვნოა,“ – დასძენს რანგნიკი.
ვნახოთ, რა მოხდება. ერთი კი ნაღდია – რანგნიკის მისვლით პრემიერლიგა კიდევ უფრო საინტერესო გახდება.