ფრანგულ პრესაში უცნაური ამბავი დაიწერა: ბენჟამინ პავარს საფრანგეთის ნაკრებიდან საიდუმლო ინფორმაციები გაჰქონდაო… ეს ფრანგმა ჟურნალისტმა რომენ მოლინამ დაწერა.
რაც ნამდვილია, პავარსა და დიდიე დეშამს შორის კონფლიქტი მოხდა არგენტინასთან ფინალის დროს. სათადარიგოთა სკამთან პავარი ხშირად გამოხატავდა უკმაყოფილებას თანაგუნდელების მოქმედებით, რამაც დეშამი გააბრაზა.
ისე, პავარი ნაკრებში სწორედ დეშამმა დააწინაურა, თანაც მოულოდნელად, 2018 წლის მუნდიალის წინ ის ძირითადის კაცად არ მიიჩნეოდა, თუმცა მწვრთნელმა მონაკოში მაგრად მოთამაშე სიდიბეს ამჯობინა და ძირითადში გაამწესა. იქ პავარმა აშკარად გაამართლა, მერვედფინალში არგენტინას ლამაზი გოლიც გაუტანა… ბევრი ამბობდა, პავარი დეშამის ფავორიტიაო და არცთუ უსაფუძვლოდ.
და ამ მსოფლიოზე რა მოხდა? პავარი პირველ მატჩში (ავსტრალიასთან 4:1) სასტარტოში იყო, მაგრამ ჟიულ კუნდეთი შეცვალეს და მორჩა – მას მერე პავარს მუნდიალზე თამაში არ ღირსებია. და მცველიც სიტუაციას ურევდა და ატმოსფეროს აფუჭებდაო.