„ვაშინგტონ ვიზარდსის“ ვარსკვლავური გამთამაშებელი რასელ ვესტბრუკი „ლეიკერსში“ გადავიდა – ინფორმაციას ავრცელებს The Athletic-ის ინსაიდერი შემს ჩარანია.
„ვაშინგტონმა“ რასელ ვესტბრუკთან ერთად 2024 და 2028 წლების მეორე რაუნდის დრაფტებიც მისცა ლოს ანჯელესურ კლუბს, „ლეიკერსმა“ კი „ვიზარდსში“ გაუშვა კაილ კუზმა, კენტავიუს კალდველ პოუპი, მონტრეს ჰარელი და წლევანდელი დრაფტის 22-ე პიკი („ვაშინგტონმა“ აირჩია აიზია ჯექსონი და გაცვალა „ინდიანაში“).
დედაქალაქურმა კლუბმა გადაწყვიტა რასელ ვესტბრუკის გაშვებით განეტვირთა სახელფასო ჭერი და მომავალში ახალგაზრდული გუნდი ააწყოს ბრედლი ბილის ირგვლივ.
შეგახსენებთ, რომ 2020/21 წლების სეზონში ვესტბრუკი „ვაშინგტონის“ მაისურით საშუალოდ მატჩში 22.2 ქულას, 11.5 მოხსნას და 11.7 შედეგიან გადაცემას ასრულებდა (საშუალო სამმაგი დუბლი). რასი თამაშიდან 43.9%-ით უტევდა მეტოქის კალათს, პერიმეტრიდან სროლების 31.5% ჩააგდო, საჯარიმოს ხაზიდან კი 65.6%.
რასელს მოქმედი კონტრაქტი 2023 წლამდე ექნება „ლეიკერსთან“. ნბა-ს მომდევნო სეზონში ვესტბრუკის ხელფასი 44 მილიონ დოლარს შეადგენს.